პანეტონე - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

პანეტონე იტალიური საშობაო ნამცხვარია, რომელიც პირველად მილანში გაუკეთებიათ. თუმცა, ჩვენთან ცნობილია, როგორც “იტალიური პასკა,” რადგან სწორედ აღდგომის დროს გამოჩნდება ხოლმე მაღაზიებში, და ვიზუალურად გავს პასკას. ამიტომაც, ჩვენს ვებ გვერდზე, სააღდგომო რეცეპტებშია მოცემული პანეტონე.

პანეტონეს მოსამზადებლად დიდი დრო გჭირდებათ (დაახლოებით 12 საათი), ამიტომ, გირჩევთ ან დილით დაიწყოთ მომზადება, ან პირიქით, ღამით.

პატარა ჯამში ჩაყარეთ საფუარი, მარილი და შაქარი, კარგად აურიეთ. დაასხით თბილი წყალი - წყალი არ უნდა იყოს არც გრილი და არც ცხელი, თორემ საფუარი არ გაფუვდება. კარგად მოურიეთ. დააფარეთ ჯამს თეფში და დადგით თბილ ადგილზე 10 წუთით. საფუარი აფუვდება. დაამატეთ ფქვილი და კოვზით კარგად მოურიეთ მანამდე, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება - მიიღებთ წელვად ცომს. გადააკარით ცელოფანი ჯამს, შეფუთეთ სამზარეულოს ტილოში და დადგით ასაფუებლად 1-2 საათით.

როდესაც მასა აფუვდება, დაიწყეთ ცომის მომზადება. ჯამში მიქსერით გათქვიფეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი 2 წუთის განმავლობაში, მაღალ სიჩქარეზე. თანდათან დაამატეთ შაქარი და განაგრძეთ გათქვეფა 3 წუთის განმავლობაში. თანდათან დაამატეთ კვერცხი და კვერცხის გულები. დაამატეთ რძე და საშუალო სიჩქარით გათქვიფეთ, რომ თანაბრად გადანაწილდეს რძე. დაამატეთ სუნელები, თუმცა სავალდებულო არ არის. დაამატეთ საფუარის მასა და კარგად მოურიეთ მიქსერით, რომ თანაბრად განაწილდეს საფუარი. თანდათან შეურიეთ ფქვილი. როდესაც მიქსერით მოზელვა გაგიჭირდებათ, გააგრძელეთ ხელით. დაახლოებით 480 გრ. ფქვილს რომ შეაზილავთ, შემდეგ უკვე შეგიძლიათ სუფთა, მშრალ ზედაპირზე გააგრძელოთ ცომის მოზელვა ისე, რომ პერიოდულად მოაყაროთ ფფქვილი ცომსაც და ზედაპირზეც. მოზილეთ 6-7 წუთის განმავლობაში. შემდეგ ახალ ჯამში, მოუსვით კარაქი და ისე ჩადეთ მოზელილი ცომი.  გადააკარით ცელოფანი, შეფუთეთ სამზარეულოს ტილოთი და გააჩერეთ 2-3 საათით. შეგიძლიათ გააჩეროთ მთელი ღამეც.

ამასობაში, ქიშმიში და ცუკატები ჩააწყვეთ ცალ-ცალკე ჯამში და დაასხით კუანტრო, რომ დაფაროს ცუკატები და ქიშმიში. კუანტრო არის ალკოჰოლური სასმელი, რომელსაც ფორთოხლის გემო დაკრავს (ასევე ქვია triple sec). თუ არ გაქვთ კუანტრო, შეგიძლიათ გამოიყენოთ რომი, ან სულაც არ გამოიყენოთ ალკოჰოლი და ორთქლზე დანამოთ ქიშმიშები და ცუკატები.

ცუკატები თავადაც შეგიძლიათ მოამზადოთ სახლში. ფორთოხლის ქერქს შიგნიდან მაქსიმალურად მოაცალეთ თეთრი მასა. დაჭერით პატარა კუბიკებათ და მოხარშეთ 10 წუთის განკამვლობაში. გამოცვალეთ წყალი და ისევ 10 წუთის განმავლობაში მოხარშეთ. შემდეგ, მოხარშეთ სიროფი (50 გრ. შაქარს დაამატეთ 75 მლ. წყალი, დადგით ცეცხლზე და კოვზით მუდმივად ურიეთ. შაქარი როგორც კი გადნება, სიროფი მზად არის), დაამატეთ ფორთოხლის ქერქი და მოხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ, კოვზით ამოიღეთ ფორთოხლის კუბიკები და დააწყვეთ საცხობ ქაღალდზე გასაშრობად, მინიმუმ 30 წუთით.

ცომი რომ გაფუვდება, გადმოიღეთ ისევ ზედაპირზე და მოზილეთ. თანდათან შეაზილეთ ალკოჰოლში დარბილებული ქიშმიში, ცუკატები, ლიმონის და ფორთოხლის ცედრა. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ შავი შოკოლადის ნატეხები. ცომში თანაბრად რომ გადანაწილდება ქიშმიში, ცუკატები, ცედრა და შოკოლადი, დააგუნდავეთ ცომი და ჩადეთ საცხობ ფორმაში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ცეცხლგამძლე ქვაბი (დაახლ. 1.5 ლ. მოცულობის). ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი (ჯერ ჩააფინეთ მრგვალი ფორმა ძირზე, ხოლო, შემდეგ ზოლი გამოჭერით, რომესლაც შემოავლებთ ქვაბის კედლებს. საცხობ ქაღალდზე წაუსვით კარაქი. ცომს რომ ჩადებთ, უნდა შეავსოს ფორმის 1/2-ზე ოდნავ მეტი. გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 2-3 საათით.

შემდეგ ღუმელი გაახურეთ 210 C-მდე. შედგით პანეტონე ღუმელში, და გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ტემპერატურას დაუწით 180C-მდე და განაგრძეთ ცხობა კდიევ 30 წუთის გნამავლობაში.

თუ უფრო დიდ პორციას გააკეთებთ და ერთიანად გამოაცხბთ, ცხობისთვის მეტი დრო დაგჭირდებათ. ან, თუ პირიქით, მოცემულ რეცეპტს რამდენიმე ფორმაში გამოაცხობთ, მაშინ ოდნავ ნაკლები დრო დაგჭირდებათ.

რომ გამოცხვება პანეტონე, გადმოდგით და ფორმაშივე გააგრილეთ. ბოლომდე რომ გაგრილდება, გადმოიღეთ ფორმიდან და დაჭერით.

ბედნიერ აღდგომას გისურვებთ!

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli