ყავის პანა კოტა
Espresso Panna Cotta - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

პანა კოტა (Panna cotta)  იტალიური დესერტია და კლასიკურად, ვანილის არომატი აქვს. ასევე, მას პატარა ჭიქისმაგვარ ფორმაში ასხამენ. გაგრილების შემდეგ თეფშზე აპირქვავებენ და ისე მიაქვთ სუფრასთან სხვადასხვა ხილთან და თხილეულთან ერთად.

დღეს ოდნავ განსხვავებულ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელსაც ყავის არომატი დაკრავს და მისართმევადაც, შეგიძლიათ მარტინის ჭიქები გამოიყენოთ. ძალიან მარტივია მომზადება და ამავე დროს ძალიან გემრიელი.

რძე ჩაასხით პატარა ქვაბში და დაამატეთ ჟელატინის ფხვნილი. გააჩერეთ 5-7 წუთი. ამასობაში ჟელატინი დარბილდება და კარგად გაიხსნება რძეში. დადგით ქვაბი დაბალ ცეცხლზე და პერიოდულად ურიეთ დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში (რძე არ უნდა ადუღდეს). შემდეგ, დაამატეთ ნაღები და კარგად მოურიეთ. ცალკე ჯამში ერთმანეთში აურიეთ შაქარი, ყავა, ვანილი და ძალიან ცოტა მარილი, დანის წვერით რასაც ამოიღებთ. ეს ნარევი დაამატეთ რძის მასას თანდათან და თან პერიოდულად ურიეთ დაახლოებით 3 წუთი (მასა არ უნდა ადუღდეს, ამიტომ ტემპერატურა შესაბამისად არეგულირეთ). შაქარი როგორც კი გადნება, გადმოდგით ცეცხლიდან. როდესაც მასა შეგრილდება, ჩაასხით მარტინის ჭიქებში და შედგით მაცივარში მინიმუმ 7 საათით ისე, რომ არ შეარხიოთ.

სუფრასთან მიტანამდე, მორთეთ თხილეულით, შოკოლადის ნატეხებით, ხილით.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli