ბრაჩიოლი - ხორცის რულეტი - Braciole -იტალიური სამზარეულო
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ბრაჩიოლი იტალიური ხორცის რულეტია, რომელსაც პამიდორის სოუსთან ერთად აკეთებენ. თუმცა შემოგთავაზებთ ოდნავ განსხვავებულ ვარიანტს, რომელიც არანაკლებ გემრიელია.

ცალკე ჯამში აურიეთ გახეხილი ყველი, პურის საფანელი (თუ ორცხობილა არ გაქვთ, 4 პურის ნაჭერი გახუხეთ და შემდეგ სახეხზე გახეხეთ, ან კომბაინით დააქუცმაცეთ), დაჭრილი ნიორი, დაჭრილი ოხრახუში, ტიმიანი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი. კარგად მოურიეთ.

ხორცის ნაჭერს (ან ნაჭრებს) მოაცალეთ ზედმეტი ცხიმი და ძარღვები. თუ ნაჭერი ძალიან სქელია, გალესილი დანით შუაზე გაჭერით  განივად ისე, რომ მიიღოთ ორი შედარებით თხელი ნაჭერი. ხორცი შეამშრალეთ სამზარეულოს ქაღალდით და დადეთ სუფთა, მშრალ ზედაპირზე. კოვზით დაადეთ ზემოდან ყველის მასა და ოდნავ დატკეპნეთ. შემდეგ, ფრთხილად დაახვიეთ ხორცი ისე, რომ მიიღოთ რულეტი. გამოიყენეთ სამზარეულოს თოკი და შეკარით ხორცის რულეტი. თუ არ გაქვთ სამზარეულოს თოკი, გამოიყენეთ ბაბმბის სქელი ძაფი (დარწმუნდით, რომ ძაფი ნამდვილად ბამბისაა და არ შეიცავს ზედმეტ დანამატებს, თორემ ცხობის დროს შესაძლოა გალღვეს, ან საკვებში მავნე ნივთიერებები გადავიდეს).

გააცხელეთ ღუმელი 180C-მდე.

თუ არ გაქვთ ისეთი ტაფა, რასაც ღუმელში გამოიყენებთ, მაშინ ღუმელში შედგით ცეცხლგამძლე ჭურჭელი, რომ შეთბეს, მანამდე კი ტაფაზე დაბრაწეთ ხორცის რულეტი შემდეგნაირად:

გაახურეთ ტაფა საშუალო ცეცხლზე, მოასხით 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი. დააწყვეთ ტაფაზე ხორცის რულეტები და თავდახურულ ტაფაში 2 წთ-ის განმავლობაში დაბრაწეთ - ამ 2 წუთის განმავლობაში ხროცი არ გადააბრუნოთ, საერთოდ არ შეეხოთ. შემდეგ სამზარეულოს პინცეტით ხორცის ნაჭერი გადააბრუნეთ და 2 წუთის განმავლობაში ისევ ხელშეუხებლად, თავდახურულ ტაფაზე დაბრაწეთ. მნიშვნელოვანია, რომ არ გამოიყენოთ ჩანგალი, რადგან ჩანგლის ჩარჭობის დროს ხორცის შიგნიდან გადმოიღვრება წვენი და შემდეგ რულეტი მშრალი გამოვა. ასევე მოიქეცით მე-3 გვერდის დაბრაწვის დროსაც, დაბრაწეთ 2 წუთის განმავლობაში. სულ 6 წუთი რომ გავა (ამ დროისთვის რულეტის 3 გვერდია დაბრაწული), ტაფაზე დაასხით ღვინო და ჩაყარეთ სქელ ნაჭრებად დაჭრილი ბოსტნეული. ბოლო გვერდი დაბრაწეთ/ჩაშუშეთ ბოსტნეულთან ერთად ისევ 2 წუთის განმავლობაში, თავდახურულ ტაფაზე.

თუ თქვენი ტაფა ცეცხლგამძლეა, თავდახურული შედგით ღუმელში. თუ არადა, გადაიტანეთ შემთბარ, ცეცხლგამძლე ჭურჭელში, გადააფარეთ ფოლგა და შედგით ღუმელში. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ გადააბრუნეთ რულეტები და კოვზით მოასხით ხორცის და ღვინის წვენი ზემოდან. კვლავ დაფარეთ ფოლგით და შედგით ღუმელში ისევ 30 წუთით. პერიოდულად ხორცს ზემოდან მოასხით ხორცის და ღვინი წვენი. ღუმელში შედგმიდან 1 საათი რომ გავა, ფოლგა მოხსენით და ღუმელში გააჩერეთ 15- 20 წუთით და წვენი კვლავ მოასხით ხორცს პერიოდულად. მთლიანად ღუმელში ცხობის დრო არის 1 საათი და 15 ან 20 წუთი.

კარგად რომ მოიბრაწება ხორცი (თუმცა ფრთხილად იყავით, რომ არ გამოშრეს ხორცი), გადმოიღეთ, დაჭერით რულეტები ნაჭრებად და ისე მიართვით ბოსტნეულთან ერთად. შეგიძლიათ ცალკე მოხარშოთ ან შეწვათ კართოფილი გარნირად.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli