ჩანახი - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

შემოგთავაზებთ ჩანახს, რომელიც ოდნავ განსხვავდება ტრადიციული რეცეპტისგან. თუ არ გიყვართ ძალიან ცხიმიანი კერძი, მაშინ ეს რეცეპტი დაგაინტერესებთ.

გაახურეთ ღუმელი 210C-მდე

გარეცხეთ ცხვრის რბილი ხორცი და მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი და ძარღვები (კონკრეტულ შემთხვევაში გამოვიყენე ბარკლის ნაჭრები). მოაყარეთ მარილი, პილპილი და ცოტა cumin (თუ ვერ იშოვით, შეგიძლიათ შეცვალოთ ძირათი - ხშირად, cumin-ს თარგმნიან როგორც ძირას. მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივე ოჯახის წევრი მცენარეებია, გემოთი მაინც განსხვავდება). ჩანახისთვის დაგჭირდებათ თიხის ჯამები - თითო ჯამი ერთი ადამიანისთვის, თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ცეცხლგამძლე ფორმა. თიხის ან ნებისმიერ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, მოუსვით კედლებზე ზეითუნის ზეთი და გარშემო ჩააწყვეთ ბადრიჯნის ნაჭრები, შუაში კი მოათავსეთ ცხვრის ხორცი. შემდეგ შუაში დააწყვეთ დაჭრილი კარტოფილი. სხვადასხვა ადგილზე ჩააგდეთ ოთხად გაჭრილი ნიორის კბილი. მოაყარეთ მარილი. შემდეგ მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და ნაწილი დაჭრილი ოხრახუში, ზემოდან დააწყვეთ დაჭრილი პამიდორი, მოაყარეთ ცოტა პროვანსის ბალახები (პროვანსის ბალახები არის სხვადასხვა მწვანილის ნარევი: ტიმიანი, ორეგანო, როზმარინი, ქონდარი, ა.შ.). მოაყარეთ მარილი და დარჩენილი დაჭრილი ოხრახუში. მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ ცოტა მარილი. სუფრის კოვზით მოასხით 2 ს.კ. წყალი. იგივე გააკეთეთ მეორე ჯამშიც და შედგით ღუმელში 30-35 წუთით.

ღუმელიდან გამოიღეთ, გააჩერეთ 10 წუთით და შემდეგ მიართვით სუფრასთან. თიხის ჭურჭელი ინარჩუნებს სიმხურვალეს და 10 წუთი კერძი არ გაცივდება.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli