ჩილი ლობიოს წვნიანი
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ჩილი ლობიოს წვნიანი მექსიკური სამზარეულოს ერთ-ერთი ცნობილი კერძია. ვისაც ძალიან ცხარე არ გიყვართ, შეგიძლიათ არც გამოიყენოთ ჩილის წიწაკა, მაინც გემრიელი გამოდის.

წვნიანი არ არის კლასიკური თხელი წვნიანი, არამედ შედარებით სქელი და ნოყიერია. კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ღრმა და მძიმე ტაფა.

დადგით ტაფა მაღალ ცეცხლზე, რომ გახურდება მოასხით ზეითუნის ზეთი და ცეცხლს ჩაუწიეთ საშუალო მაჩვენებლამდე. ჩაშუშეთ ხახვი 2-3 წუთის განმავლობაში. დაამატეთ ფარში და ხის კოვზით კარგად დაანაწევრეთ, რომ კოშტებად არ შეიკრას ხორცი. განაგრძეთ ჩაშუშვა მომდევნო4-5 წუთის განმავლობაში თავდახურულ ტაფაზე და პერიოდულად მოურიეთ და დაანაწევრეთ კოშტები. ამ დროისთვის ხორცი წვენს გაუშვებს - თუ არ გაუშვა, ნიშნავს, რომ ან ძალიან მაღალ ცეცხლზე გაქვთ ტაფა და უცებ ამოშრა წვენი, ან პირიქით, იმდენად დაბალ ცეცხლზეა, რომ ხორცმა წვენი არ გაუშვა. გაურიეთ 1 ჩ.კ. ტომატის პასტა და კარგად მოურიეთ - ხორცი ოდნავ შეიფერება წითლად. გადაწურეთ მოხარშული ჩილის ლობიო და დაამატეთ ხორცის მასას. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი, წითელი ლობიოც. დაამატეთ სალსას სოუსი და განაგრძეთ ჩაშუშვა. ბლენდერში აურიეთ ქილის პამიდორი და დაჭრილი ტკბილი წითელი წიწაკა. ეს მასა დაამატეთ ხორცს, მოაყარეთ ჩილის წიწაკის ფანტელები, სტეიკის პილპილი (მსხვილად დაფქული სხვადასხვა სახის პილპილი მარილთან ერთად) და მარილი. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ 1/2-1 ჭიქა ცხელი ადუღებული წყალი, რომ წვნიანი მშრალი არ გამოვიდეს და ბლანტი იყოს. ჩაუწიეთ ცეცხლს ოდნავ და განაგრძეთ ჩაშუშვა თავდახურულ ტაფაზე მომდევნო10-12 წუთის განმავლობაში, პერიოდულად მოურიეთ.

როდესაც კერძს ამოიღებთ თეფშზე, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ჩედარის ყველი.


გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli

ჩილი ლობიოს წვნიანი - მექსიკური სამზარეულო