ჭვავის პური - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ჭვავის პური საოცრად არომატული და ამავე დროს სასარგებლოა. თუმცა, ჭვავის ფქვილის შოვნა არც თუ ისე ადვილია. მოცემულ რეცეპტში, ჭვავის ფქვილის მაგივრად გამოყენებულია ჭვავის ბურღული.

ჭვავის ბურღული შეგიძლიათ დაფქვათ ან საფქვავით ან ძლიერი კომბაინით.

ქვაბში ჩაასხით რძე, დაამატეთ კარაქი და დადგით საშუალო ცეცზლე. როგორც კი კარაქი გადნება, გამორთეთ. რძე არ უნდა ადუღდეს. გადმოდგით ცეცხლიდან.

ამასობაში, ჭიქაში საფუარს დაამატეთ შაქარი, კარგად აურიეთ და დაამატეთ თბილი წყალი. წყალი არც გრილი არ უნდა იყოს და არც ცხელი, თორემ საფუარი არ გაფუვდება. ჭიქას დააფარეთ პატარა ფინჯანი და გააჩერეთ 3-4 წუთის განმავლობაში.

ამასობაში რძის და კარაქის ნაზავიც გაგრილდება, თუმცა მაინც შეამოწმეთ, რომ ცხელი არ იყოს. რძის მასაში დაამატეთ აფუებული საფუარის მასა, 1 კვერცხი და მიქსერით, დაბალ სიჩქარეზე მოურიეთ 1 წუთის განმავლობაში. მიქსერს გაუკეთეთ ცომის კაუჭები (შეგიძლიათ მიქსერის მაგივრად, ხელით მოურიოთ). ცალკე ჯამში, ერთმანეთში აურიეთ ჭვავის ფქვილი (ან დაფქული ბურღული) და პურის ფქვილი. რძის მასას დაამატეთ მარილი და თანდათან შეურიეთ ფქვილი. როდესაც მიქსერის კაუჭებზე ცომი ზემოთ ამოსვლას დაიწყებს, განაგრძეთ ხელით მოზელვა. თუ ფქვილი გაგითავდათ და მასა ძალიან სველია და გეკრობათ ხელზე, დაამატეთ პურის ფქვილი. ცომი ძალიან მაგარი არ უნდა გამოვიდეს, თუმცა ხელზეც ადვილად არ უნდა გეკრობოდეთ.

ჯამში მოასხით ზეითუნის ზეთი და კედლებზეც წაუსვით. დააგუნდავეთ მოზელილი ცომი და ჩადეთ ჯამში და დაატრიალეთ, რომ ყველა მხარეს მოხვდეს ზეთი. ჯამს გადააფარეთ ცელოფნის პარკი, სამზარეულოს ტილოში შეფუთეთ და დადგით თბილ და მშრალ ადგილას. დაახლოებით 1 საათის შემდეგ მასა გაორმაგდება. ფქვილიან ზედაპირზე მოზილეთ ისევ ცომი, დააგუნდავეთ და დააბრუნეთ ჯამში, გადააფარეთ ცელოფნის პარკი და ისევ შეფუთეთ სამზარეულოს ტილოში.

დაახლოებით 1 საათის შემდეგ, მასა ისევ აფუვდება.

გაახურეთ ღუმელი 180C-მდე.

გადმოიღეთ ცომი, დაყავით თქვენთვის სასურველ ნაწილებად. მოგრძო ზომის პურს ზემოდან შეგიძლიათ დანა დაუსვათ რამდენიმე ადგილზე. გააჩერეთ პურები 5-7 წუთის განმავლობაში. პურები ოდნავ აფუვდება.

გათქვიფეთ კვერცხი პატარა ჯამში ან ჭიქაში და გადაუსვით პურებს ზემოდან ან ფუნჯით ან თითებით. შეგიძლიათ პურს მოაყაროთ სეზამის ან მზესუმზირის მარცვლები.

ღუმელში, საცხობ დაფაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, ქაღალდით ან ბამბით მოუსვით ზეთი და დააწყვეთ პურები. გააჩერეთ ღუმელში დაახლოებით 35 წუთი. როდესაც პურის ზედაპირი დაიბრაწება, პური უკვე მზად არის. გადმოიღეთ, გააგრილეთ მინიმუმ7 წუთის განმავლობაში და მიირთვით.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli