ღუმელში გამომცხვარი ბადრიჯანი კეფირით
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

მოცემული რეცეპტი გაცილებით უფრო ჯანსაღია, ვიდრე ტაფაზე შემწვარი ბადრიჯანი. ალბათ მიხვდებოდით, რომ ბადრიჯანი აღმოსავლურად არის შეკაზმული, რადგან მაწონს და კეფირს ხშირად იყენებენ არაბულ, თურქულ და მაროკოს სამზარეულოშიც კი, ხოლო ზატარი, არაბული სანელებელია, რომელიც რამდენიმე სახეობის სუნელისგან შედგება.

გაახურეთ ღუმელი 200C-მდე

გაჭერით ბადრიჯანი შუაზე. საცხობ დაფაზე დააფინეთ ფოლგა და დააწყვეთ ბადრიჯნის ნაჭრები ისე, როგორც მოცემულია მარცხნივ სურათზე.

ბადრიჯანს სამზარეულო ფუნჯით წაუსვით ზეითუნის ზეთი - 90 მლ. თანაბრად გადაანაწილეთ 4 ცალ ბადრიჯანზე (სულ 8 ნაჭერზე). მოაყარეთ ცოტა მარილი და პილპილი. შედგით ღუმელში დაახლოებით 35-40 წუთით.

მანამდე მოამზადეთ კეფირის სოუსი: ერთმანეთში აურიეთ კეფირი, მაწონი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, გაჭყლეტილი ნიორი და ცოტა მარილი. კარგად მოურიეთ და შედგით მაცივარში, სანამ ბადრიჯანი გამოცხვება.

ზა’ატარი გახლავთ არაბული სანელებელი, რომელიც რამდენიმე სუნელისგან შედგება. თანაბარი რაოდენობით (მაგ. 1 ჩ.კ.) აურიეთ შემდეგი სუნელები: ბაზილიკი, ტიმიანი, ქონდარი, მაიორანი, ორეგანო, დაფქული cumin (ეს არ გახლავთ ძირა, იგივე ოჯახის მცენარეა, მაგრამ სხვა გემო აქვს, გამოუვალ მდგომარეობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ძირა ან კვლიავი), მოხალული სეზამის მარცხვლები - თითოეულ სუნელის სახეობას ვამატებთ 1-1 ჩ.კ.-ს. კარგად მოურიეთ და ზა’ატარი მზად არის. შეგიძლიათ შეინახოთ ნარევი და სხვა კერძებისთვისაც გამოიყენოთ. ჩამოთვლილი სუნელები იყიდება მსხვილ სუპერმარკეტებსა და ბაზრობებზეც.

როდესაც ბადრიჯანი კარგად დარბილდება და დაბრაწვას დაიწყებს, შეგიძლიათ გამოიღოთ ღუმელიდან. ცოტა გააგრილეთ და გადმოიღეთ თეფშზე. ზემოდან მოასხით კეფირის სოუსი, მოაყარეთ ცოტა ზატარი და ბროწეულის მარცვლები.

კერძი ძალიან მსუბუქი და ამავე დროს არომატულია.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli

ღუმელში გამომცხვარი ბადრიჯანი კეფირით