გამომცხვარი ქათამი ტერიაკის სოუსით
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

გაასუფთავეთ ქათამი, მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი.

ცალკე ჯამში მოამზადეთ მარინადი: ერთმანეთში კარგად აურიეთ ტერიაკის ან სოიოს სოუსი, ზეითუნის ზეთი, პილპილი, პაპრიკა, ტიმიანი, შაქარი, ნიორის ფხვნილი ან თუ არ გაქვთ, ნიორის ორი კბილი, გახეხილი. ასევე უნდა დაამატოთ გახეხილი კოჭა. კოჭა, იგივე ჯანჯაფილი (ინგლისურად ginger, რუსულად имбирь - იხ. სურათი მაცხნივ) ბევრგან იყიდება უკვე, როგორც სუპერმარკეტებში, ასევე ქუჩის ბოსტნეულის დახლებსა და ბაზარშიც. კანი უნდა გათალოთ და შიგთავსი სახეხზე გახეხოთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სასიამოვნო, ციტრუსის სუნი აქვს, ამავე დროს ძალიან ცხარეცაა, და ამიტომ ბევრი არ უნდა მოგივიდეთ. კარგად მოურიეთ და მასა ერთგვაროვანი რომ გახდება, შეგიძლიათ მისი გამოყენება.

ქათამს ყველა მხრიდან კარგად წაუსვით მარინადის მასა. შიგნითაც ჩაასხით. ბოლოს, მყარ, ცელოფნის პარში ჩადეთ ქათამი, ჩაასხით მორჩენილი მარინადის მასაც, პარკს თავი მოუკარით. პარკის ქვეშ, ხელით ისევ კარგად გადაანაწილეთ მარინადის მასა ქათმის ხორცზე და შედგით მაცივარში მინიმუმ 8-10 საათით. შეგიძლიათ მოამზადოთ საღამოს, მთელი ღამე მაცივარში გააჩეროთ და მეორე დღეს, სადილისთვის მოამზადოთ.

გაახურეთ ღუმელი 180 C-მდე. გამოიღეთ ქათამი, შემოაცალეთ ცელოფანი. დარბილებული კარაქი წაუსვით ქათამს და შემდეგ ჩადეთ საცხობ ცელოფნისმაგვარ პარკში. არ ჩადოთ ჩვეულებრივ პარკში, რადგან ხორცზე მიიწვავს და ასევე, მავნე ნივთიერებები გადავა ხორცში. იყიდება სპეციალური საცხობი პარკები, რაც შეგიძლიათ ღუმელში გამოიყენოთ.

საცხობ პარკს შეუკარით ბოლოები, ჩანგლით გახვრიტეთ ზემოდან, რამდენიმე ადგილზე. ქათამი მოათავსეთ გამოსაცხობ ჭურჭელში და შედგით ღუმელში 1.5 საათით ან ცოტა მეტი დროით (მაგალითად 1 საათი და 45 წუთი).

ქათამს რომ გამოიღებთ ღუმელიდან, პარკში გააჩერეთ კიდევ 10 წუთი და შემდეგ მიართვით სუფრასთან.

იგივე მარინადით შეგიძლიათ მოამზადოთ ქათმის უძვლო ნაჭრები და მეორე დღეს ტაფაზე შეწვათ. გარნირად ძალიან უხდება მოხარშული ბრინჯი.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli