გუაკამოლე- მექსიკური სამზარეულო 
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

გუაკამოლე მექსიკური საწებელია, რაც აცტეკების ენაზე “ავოკადოს საწებელს” ნიშნავს. თბილისში, ავოკადოს არა მარტო სუპერ მარკეტებში, არამედ უკვე ბაზრებშიც ხშირად შეხვდებით. საშუალოდ, ფასი 6-8 ლარამდე მერყეობს. გუაკამოლესთვის დაგჭირდებათ მწიფე ავოკადო.

ყიდვამდე, ხელით მოსინჯეთ ავოკადო - ის გარედან შედარებით მაგარი უნდა იყოს. თუ რბილია, ესე იგი უკვე დამწიფებულია - ამ შემთხვევაში, სასურველია იმავე დღეს გამოიყენოთ. ასევე, თუ დამწიფებულია, გარედან დააკვირდით, რომ შავი ლაქები არ ქონდეს. თუ შედარებით მაგარ ავოკადოს იყიდით, სახლში, ოთახის ტემპერატურაზე დადეთ 2-3 დღის განმავლობაში და დარბილდება.

სოუსის მოსამზადებლად, მწიფე ავოკადოს შემოაცალეთ კანი, ამოაცალეთ კურკა და მწვანე მასა ჯამში ჩანგლით დასრისეთ. დაამატეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი, დაჭრილი ხახვი, ლაიმის წვენი, მარილი, პილპილი და კარგად მოურიეთ. თუ ლაიმი არ გაქვთ, შეგიძლიათ შეცვალოთ ლიმონით, თუმცა მაინც გირჩევთ ლაიმს. ბოლოს დაამატეთ დაჭრილი ქინძი და კარგად ამოურიეთ.

გუაკამოლეს მიირთმევენ სიმინდის ტორტილიასთან ან სიმინდის ჩიპსებთან ერთად (მაგალითად დორიტოსი), თუმცა ასევე შეგიძლიათ მიართვათ ჭვავის ან სულაც, თეთრი პურის ნაჭრებზეც. ან, შეგიძლიათ ჩიპსები თავადაც მოამზადოთ (იხილეთ რეცეპტი)

გუაკამოლეს მომზადება ძალიან მარტივია და ძალიან გემრიელია!