ჯანჯაფილის ნამცხვრის სახლი - Gingerbread House
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ჯანჯაფილის ნამცხვრის სახლს, როგორც წესი, საშობაოდ აკეთებენ ევროპასა და ამერიკაში. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ჯანჯაფილის ნამცხვარი ევროპაში პირველად სომეხმა ბერმა შეიტანა 992 წელს. შვედეთში კი, სადაც ძალიან პოპულარულია რეცეპტში მოყვანილი სანელებლებიანი საკონდიტრო ნაწარმი, ჯანჯაფილის ნამცხვარი გერმანელ ემიგრანტებს ჩაუტანიათ.

ნამდვილად, რომ სადღესასწაულო განწყობა მოაქვს და ამავე დროს, აწყობის პროცესი ბავშვებისთვის და მშობლებისთვის ერთნაირად სახალისოა. რაც მთავარია, საკმაოდ მარტივია!

ჯამში ერთად მოათავსეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი, შაქრის სიროფი (molasses - აკეთებენ შაქრის გადამუშავების დროს, თუმცა შეგიძლიათ თავად მოამზადოთ შაქრის სიროფი. ასევე, ხშირად იყენებენ თაფლს, თუმცა თავად არასდროს მისინჯავს და ვერ გეტყვით როგორ იმოქმედებს შედეგებზე), ყავისფერი შაქარი, დარიჩინი, მიხაკი, ჯანჯაფილი (იგივე კოჭა) და მუსკატი და 2 ს. კ ცივი წყალი. მიქსერით კარგად მოურიეთ. ცალკე, ერთმანეთში აურიეთ პურის ფქვილი და სოდა. ჯანჯაფილის მასა ერთგვაროვანი რომ გახდება, თანდათან შეურიეთ ფქვილი. თუ მიქსერით გაგიჭირდებათ განაგრძოთ მორევა, გააგრძელეთ ხელით.

ცომი ჩადეთ ცელოფანში და შედგით მაცივარში მინიმუმ 30 წუთით, შეგიძლიათ მთელი ღამეც გააჩეროთ.

წინასწარ დახაზეთ სახლის ნიმუში, ან შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ქვემოთ მოყვანილი თარგით,  რომელიც თავად გავაკეთე მოცემული რეცეპტისთვის:

(თარგის ჩამოსატვირთად დააწკაპუნეთ სურათზე)





როდესაც ცომს გამოიღებთ მაცივრიდან, გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე მანამდე, სანამ ცომი არ დარბილდება (შესაძლოა 2 საათითაც კი). შემდეგ ცომი ხელით დაამუშავიეთ და გაყავით სამ ნაწილად - 1 ნაწილი დანარჩენ ორ ნაწილზე ოდნავ დიდი უნდა იყოს.

თითოეული გუნდა კიდევ ორად გაყავით. თარგში მოცემულია 3 დეტალი, A, B და C. თითოეული დეტალი უნდა გამოჭრად 2 ცალი, ანუ სულ უნდა მიიღოთ 6 დეტალი.

თარგზე მითითებულია ასევე რიცხვები, რაც მიგანიშნებთ, რომელი დეტალი რას უნდა მიაწებოთ, ე.ი. 1 უნდა მიაწებოთ 1-თან და ა.შ.

ცომის გასაბრტყელებლად, გუნდა შეგიძლიათ ჩადოეთ, ე.წ. ერთჯერად ცელოფნის პარკში და ცომის საბრტყელებელით გააბრტყელოთ. შემდეგ პარკი ზემოდან, შუა ზოლზე გაჭერით და გადააძვრეთ ცომს. დაადეთ გამოჭრილი ქაღალდის დეტალი ცომს ზემოდან (თუმცა არ დააწვეთ, რადგან შესაძლოა ცომს მიეკრას), დანით გამოჭერით ფორმა და გადაიტანეთ საცხობ ქაღალდზე. ცომი უნდა იყოს მაქსიმუმ 4 მმ, ამაზე თხელი ცომის აწყობა შემდეგ გაგიჭირდებათ.  ასევე, ცელოფნის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ საცხობი ქაღალდი: ცომი დადეთ საცხობ ქაღალდზე, ზემოდან დაადეთ მეორე საცხობი ქაღალდი და ისე გააბრტყელეთ ცომის საბრტყელებელით.  თუ ცომი მოგრჩებათ შეგიძლიათ გამოჭრათ ნაძვისხეები, თოვლის ბაბუა, ა.შ.

როდესაც გამოჭრით ყველა დეტალს, შედგით ღუმელში 180 C-ზე და გამოაცხვეთ 10 წუთის განმავლობაში. თუ ცომი სქელია, მაგალითად 6-7 მმ-ის სისქის, ამ შემთხვევაში 12-15 წუთი შეგიძლიათ გააჩეროთ ღუმელში, თუმცა გვერდები არ უნდა დაიბრაწოს. გამოიღეთ ნამცხვარი, საცხობ ქაღალდთან ერთად ფრთხილად დააწყვეთ მყარ ზედაპირზე და გააგრილეთ. თავდაპირველად, ნამცხვარი რბილი იქნება, ხოლო გაგრილების შემდეგ ნამცხვარი მყარი და საკმაოდ ადვილად მსხვრევადია, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ.

დეტალების შესაწებებლად დაგჭირდებათ კვერცხის ცილა და  შაქრის პუდრა.  თუ ეკონომიურად მოიხმართ, 2 კვერცხიც საკმარისი იქნება. თუ პირველად აკეთებთ, უმჯობესია 3 კვერცხის ცილა გამოიყენოთ, რომ არ დაგაკლდეთ წებოვანი მასალა. კვერცხის ცილას დაამატეთ მარილი და გათქვიფეთ მიქსერით მაღალ სიჩქარეზე დაახლ 3 წუთი. შემდეგ თანდათანშეურიეთ შაქრის პუდრა და განაგრძეთ მორევა მაღალ სიჩქარეზე. როდესაც მასა საკმაოდ მყარი და წებოვანი გახდება, შეგიძლიათ პუდრა აღარ დაამატოთ, თუმცა 2 კვერცხის ცილაზე დაახლოებით 280 - 300 გრ. პუდრა მაინც დაგჭირდებათ.

ნამცხვრის მსხვილთავიანი მოსართავით, წინა კედელს ძირში წაუსვით ცილის მასა და დადეთ მყარ ზედაპირზე, სადაც გეგმავთ, რომ სახლი დადოთ (გაშლილ თეფშზე, მუყაოს ქაღალდზე, ა.შ.) - რადგან, შემდეგ გაგიჭირდებათ აწყობილი სახლის გადაადგილება. კედელი 1 წუთით გააჩერეთ და თუ გრძნობთ, რომ მყარად დგას, შეგიძლიათ გაუშვათ ხელი, ან შეგიძლიათ მოიხაროთ ვინმე, რომ დაიჭიროს კედელი. შემდეგ ჯერ მიამაგრეთ გვერდითა კედლები და ბოლოს უკანა კედელი. თოთოეული დეტალის მიწებებამდე, ყველას ძირში წაუსვით ცილის მასა. მიწებების დროს, სახლის კუთხეებშიც წაუსვით ცილის მასა. მეტი სიმაგრისთვის  შეგიძლიათ შიგნიდანაც წაუსვათ კუთხეებში ცილის მასა.შეიკვრება 4 კედელი. გააჩერეთ 10 წუთი მაინც, სანამ სახურავს დაადებთ, რომ კვერცხის ცილა კარგად გაშრეს. შემდეგ, გვერდით კედლებზე, ზემოდან წაუსვით ცილის მასა და დააფარეთ ჯერ ერთი სახურავი, შემდეგ მეორე.  შემდეგ ყველა წახნაგზე (შეერთების ადგილებზე) წაუსვით კვერცხის ცილა.

ამის შემდეგ გამოიყენეთ უკვე წვრილთავიანი მოსართავი. კედლებზე დაახატეთ ფანჯრები, კარი, სახურავზე შეგიძლიათ შიფერის ფორმებიც გამოიყვანოთ.

ქოქოსის ფანტელები მოაყარეთ სახლს გარშემო. სახლზე სანამ რაიმეს მიაწებებთ, პირველ რიგში დასვით ცილის მასა და ამ ცილის მასაზე დააწებეთ თქვენთვის სასურველი დეკორაცია.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!!!