კარბონარა სოსისით- იტალიური სამზარეულო
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

კარბონარას შემოგთავაზებთ ჯეიმი ოლივერის რეცეპტის მიხედვით, წიგნიდან “ჯეიმის იტალია,” რომელიც მეგობრებმა მაჩუქეს (იხ. მარცხნივ). რეცეპტში შევიტანე მცირე ცვლილებები: ლინგუინის მაგივრად გამოვიყენე ტალიატელი (იხ. ქვემოდ ვრცლად), პანჩეტას მაგივრად (რომელიც არის იტალიური ტექნოლოგიით დამზადებული შაშხი), გამოვიყენე ჩვეულებრივი, ქართული ოჯახური შაშხი. პანჩეტა უფრო მეტადაა შებოლილი და გაცილებით უფრო მარილიანია. იტალიური სოსისების მაგივრად (რომელიც საქართველოში ვერსად ვერ ვიშოვე), გამოვიყენე ქართული წარმოების საბავშვო სოსისი, რადგან ნაკლებად აქვს ზედმეტი სანელებლები, რაც კარბონარას არ მოუხდებოდა.

კარბონარა მზადდება ლინგუინით. ლინგუინი არის იტალიური პასტის სახეობა, რომ წარმოიდგინოთ, დაახლოებით, გაბრტყელებული სპაგეტი - ისეთი ფორმისაა. ტალიატელი კი უფრო ფართო ფორმისაა. რადგან, სახლში ტალიატელი მქონდა, შესაბამისად იგი გამოვიყენე და ვფიქრობ კარბონარას ძალიან უხდება, რადგან სოუსი კარგად და თანაბრად ნაწილდება.

ქვაბში ჩაასხით საკმარისი წყალი, რაც დაფარავს დაახლ. 500 გრ. ლინგუინს ან ტალიატელს, დადგით საშუალო ცეცხლზე. წყალი რომ ადუღდება, დაამატეთ დაახლ. 1 ს.კ. მარილი, კარგად მოურიეთ და ისე ჩაყარეთ პასტა მოსახარშად. მოხარშეთ პაკეტზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით (დაახლ. 8 - 10 წუთის განმავლობაში).

ამასობაში, ტაფა დადგით საშუალო ცეცხლზე და გაახურეთ. მოასხით არა-რაფინირებული ზეითუნის ზეთი (“extra virgin”) და დაბრაწეთ დაჭრილი სოსისი და შაშხი. კარგად რომ დაიბრაწება გამორთეთ (დაახლ. 2-3 წუთში).

ცალკე ჯამში გათქვიფეთ კვერცხის გული, დაამატეთ ლიმონის ცედრა, ნაღები, დაჭრილი ოხრახუში (ერთი ორი ფოთოლი შემოინახეთ დეკორაციისთვის) და დაახლ. 50 გრ. გახეხილი პარმეზანი (იგივე პარმიჯანო - parmigiano -იტალიური ყველი). კარგად მოურიეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება.

როდესაც პასტა მოიხარშება, გადაწურეთ, ცარიელი ქვაბი დააბრუნეთ ნელ ცეცხლზე, ჩაყარეთ ტაფაზე შებრაწული სოსისი და შაშხი თავის ცხიმთან ერთად. დააბრუნეთ პასტა ქვაბში და კარგად მოურიეთ. ცეცხლს დაუწიეთ მინიმუმამდე. დაამატეთ ნაღების მასა და კარგად მოურიეთ - ცეცზლზე გააჩერეთ 1 წუთი და გამორთეთ. მირთმევამდე, ქვაბში გააჩერეთ 2-3 წუთი.

თეფშზე გადმოიღეთ კარბონარა, ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი გახეხილი პარმეზანი, მორთეთ ოხრახუშის რამდენიმე ფოთოლით და მიიტანეთ სუფრასთან.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli