ქათამი ქოქოსის რძეში - ტაილანდური სამზარეულო
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

მოხარშეთ ბრინჯი, გადაწურეთ საწურზე და შეინახეთ.

გაითვალისწინეთ, რომ კერძი მაღალ ტემპერატურაზე მზადდება და იმისათვის, რომ არ მიგეწვათ, სასურველია წინასწარ მოამზადოთ ყველა ინგრედიენტი და წინასწარ დაჭრათ რაც კი დასაჭრელია.

წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი. თუ მწვანე ხახვი არ გაქვთ, შეგიძლიათ შეცვალოთ პატარა ზომის ხახვით. ასევე წვრილად დაჭერით ლემონგრასი. ლემონგრასი არის ბალახი (იხ. სურათი მარცხნივ), რომელიც ძირითადად აზიური კერძებისთვის გამოიყენება. არომატით, ღეროებს ციტრუსის სუნი აქვს. საკვებში გამოიყენება მხოლოდ რბილი ნაწილი - ხოლო, ფესვისკენ, სადაც უფრო მსხვილდება და ხის მსგავსი სტრუქტურაა, მას ნუღარ დაჭრით.

დადგით ღრმა ტაფა მაღალ ცეცხლზე და გაახურეთ. მოასხით ზეითუნის ზეთი. ჩაშუშეთ ხახვი და ლემონგრასი 1 წუთის განმავლობაში და თან ხის კოვზით ურიეთ, ან მუდმივად, წრიულად არხიეთ ტაფა. დაამატეთ ქიურის პასტა ან ფხვნილი და კარგად მოურიეთ. შემდეგ დაამატეთ ქათმის ნაჭრებიც და კარგად აურიეთ, რომ თანაბრად განაწილდეს ქიურის მასა ქათმის ხორცის ნაჭრებზე. გააჩერეთ ცეცხლზე 1 წუთი და თან მუდმივად ურიეთ. დაამატეთ თევზის სოუსი და ისევ კარგად მოურიეთ. თევზის სოუსიც ძირითადად აზიური კერძებისთვის გამოიყენება და სუპერმარკეტებში იყიდება. დაამატეთ შაქარი და სწრაფად მოურიეთ, რომ ერთ ადგილზე არ გადნეს.

დაასხით ტაფაზე ქოქოსის რძე და კარგად მოურიეთ. რძე რომ წამოდუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და ისე განაგრძეთ ჩაშუშვა 15 წუთის განმავლობაში და თან პერიოდულად მოურიეთ, რომ არ მიიწვას ტაფაზე.

ბოლოს შეგიძლიათ დაამატოთ დაჭრილი ქინძი და მოურიოთ, ან სუფრასთან მიტანის დროს, ინდივიდუალურად, თითოეულ თეფშზე მოაყაროთ ზემოდან კერძს. სანამ კერძს გადმოდგამთ ცეცხლიდან, გასინჯეთ, შესაძლოა დაჭირდეს თევზის სოუსის დამატება ან ქიურის, რადგან ქოქოსის რძე საკმაოდ ანეიტრალებს მძაფრ არომატს. ასევე, შესაძლოა არ დაგჭირდეთ მარილის დამატებაც, რადგან ქიურის პასტაში და ფხვნილშიც, ასევე თევზის სოუსში საკმაო რაოდენობის მარილია.

სუფრასთან კერძი მიიტანეთ მშრალ ბრინჯთან ერთად. ბრინჯი ცოტა რაოდენობით, თანდათან გადაიტანეთ ქათმის კერძში და ისე მიირთვით.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli