ქათამი პარმიჯანა
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

“ქათამი პარმიჯანა” იტალიური კერძია. დასახელებიდანაც მიხვდებით, რომ მთავარი ინგრედიენტები ქათამი და ყველი პარმეზანია (პარმიჯანო იტალიური ყველია, თუმცა ქართულად მაღაზიებში დამკვიდრდა, როგორც ყველი პარმეზანი, რაც ინგლისური ენის ზეგავლენაა). თუ პარმეზანის ყველი არ გაქვთ, შეგიძლიათ შეცვალოთ ნაკლებად მარილიანი სულგუნით - მიუხედავად იმისა, რომ გემო განსხვავდება, კერძი მაინც გემრიელი გამოვა.

ჯერ მოვამზადოთ სოუსი. გაახურეთ ღრმა და ფართო ტაფა საშუალო ცეცხლზე. მოასხით ზეითუნის ზეთი და ჩაშუშეთ ხახვი რამენიმე წუთის განმავლობაში. დაამატეთ დაჭრილი/გაჭყლეტილი ნიორი და ბაზილიკის ფოთლები (თუ ცოცხალი ბაზილიკი არ გაქვთ, არაუშავს, მოგვიანებით დაამატეთ ხმელი ბაზილიკი, რომელსაც შეხვდებით სუპერმარკეტებსა და ბაზრობებზე). განაგრძეთ ჩაშუშვა რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ზეთისხილი (არ არის სავალდებულო) და მოასხით თეთრი ღვინო. კარგად მოურით. ღვინო თითქმის რომ აორთქლდება, დაამატეთ ქილის პამიდორი, მოაყარეთ შაქარი, ხმელი ბაზილიკი და ხმელი ორეგანო. ასევე გემოვნებით დაამატეთ მარილი და პილპილი. კარგად მოურიეთ და ცეცხლს ჩაუწიეთ. ტაფა ცეცხლზე გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში, პერიოდულად მოურიეთ და აკონტროლეთ, რომ მასა არ დაშრეს. სოუსი თანდათან გასქელდება. თუ ატყობთ, რომ სოუსი მალე შრება, ცეცხლს კიდევ ჩაუწიეთ.

ამასობაში მოვამზადოთ ქათმის ფილე. გაახურეთ ღუმელი 240 C-მდე.

ქათმის ფილეს გააცალეთ კანი. სამზარეულოს საბეგვი ჩაქუჩით დაბეგვეთ ქათმის ფილე ისე, რომ მიიღოთ დაახლოებით 1 - 1.5 სმ. სისქის მასა. შემდეგ დაჭერით თქვენთვის სასურველი ზომის ნაჭრებად (გირჩევთ მთლიანი მკერდის ფილე გაჭრად 4 ნაწილად, დაბეგვის შემდეგ). ღუმელში 4-5 წუთით შედგით ცეცხლგამძლე ჭურჭელი და მოასხით ზეითუნის ზეთი. ამასობაში, სამ სხვადასხვა თეფშზე გაამზადეთ ფქვილი, გათქვეფილი კვერცხი (კვერცხს დაამატეთ 1 ს.კ. წყალი და ისე გათქვიფეთ) და საფანელი. სამივე თეფშზე დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და კარგად მოურიეთ. დაბეგვილი ხორცის ნაჭერი ჯერ ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ გათქვეფილ კვერცხში და ბოლოს საფანელში. თუ საფანელი არ გაქვთ, თავად შეგიძლიათ მოამზადოთ. ამისთვის, ჯერ ღუმელში გახუხეთ პურის ნაჭრები. კარგად რომ გაიხუხება და გამოშრება პური, შემდეგ გახეხეთ სახეხზე ან დააქუცმაცეთ ძლიერ ჩოპერში.

საფანელიანი ხორცის ნაჭერი დადეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, რომელიც მანამდე ღუმელში მოვათავსეთ. გაიმეორეთ იგივე ხორცის სხვა ნაჭრებისთვისაც. შედგით ჭურჭელი ისევ ღუმელში. ხორცის ნაჭრები გადააბრუნეთ დაახლოებით 7-10 წუთის შემდეგ (დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად ხურდება ჭურჭელი და რა სისქის არის ხორცი). გააჩერეთ ხორცი კიდევ 7-10 წუთის განმავლობაში. როდესაც ხორცის ნაჭრები კარგად დაიბრაწება, თითოეულ ნაჭერს ზემოდან მოასხით გამზადებული სოუსი და ზემოდან მოაყარეთ გახეხილი პარმეზანის და მოცარელას ნარევი. დააბრუნეთ ჭურჭელი ღუმელში და ტემპერატურას ჩაუწიეთ 230C-მდე. დაახლოებით 10-15 წუთში, ან როდესაც ყველი ბოლომდე გადნება და დაბრაწვას დაიწყებს, კერძი მზად არის.


გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli

ქათამი პარმიჯანა