ქათამი პესტო მინდვრის სატაცურთან ერთად
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

მინდვრის სატაცური არის უფრო ნაზი და წვრილი. შეეცადეთ შეარჩიოთ ისეთი სატაცური, რომელსაც ძირები ჯერ გაუხეშებული არ აქვს.

კარგად გარეცხეთ სატაცური. ქვაბში ჩაასხით ადუღებული წყალი, დაამატეთ სატაცური და მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე 5-7 წუთის განმავლობაში.

შემდეგ სამზარეულოს პინცეტით ამოიღეთ სატაცური ისეთ ზედაპირზე, რომ ზედმეტი წყალი დაიწრიტოს.

ტაფა გაახურეთ საშუალო ცეცხლზე. დადეთ კარაქი (დაახლოებით 20 გრ.) და მოასხით ზეითუნის ზეთი - 2-3 ს.კ. მოათავსეთ სატაცური ტაფაზე, მოაყარეთ მარილი და პილპილი და პინცეტით პერიოდულად გადააბრუნეთ. შეწვით დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. თუ საჭიროა, შეგიძლიათ დაამატოთ ცხიმი და არეგულიროთ ტემპერატურა (მაგ. თუ სწრაფად იწვება სატაცური, შეგიძლიათ ცეცხლს ჩაუწიოთ). 10 წუთის შემდეგ გამორთეთ ცეცხლი და გააჩერეთ ტაფაზე, სანამ სუფრასთან მიართმევთ.

დაჭერით ქათმის ფილე (კანგაცლილი) გრძელ ნაჭრებად. მოაყარეთ მარილი და პილპილი. ტაფა გაახურეთ საშუალო ცეცხლზე და შემდეგ ზედ დადეთ 30  გრ. კარაქი და დაამატეთ 3-4 ს.კ. ზეითუნის ზეთი. დააწყვეთ ქათმის ნაჭრები და დაახურეთ ტაფას თავსახური. გააჩერეთ ხორცი 4 წუთის განმავლობაში ისე, რომ არც ტაფას მოხადოთ თავსახური, და არც ხორცს შეეხოთ. 3 წუთის შემდეგ, სამზარეულოს პინცეტით ამოაბრუნეთ ქათმის ნაჭრები და განაგრძეთ შეწვა ისევ 3-4 წუთის გნამავლობაში. თუ ტაფაზე წყალი დაგროვდა, შეგიძლიათ თავმოხდილი გქონდეთ და ტემპერატურასაც აუწიოთ. თუ პირიქით, ხორცი მშრალია, შეგიძლიათ დაამატოთ ცხიმიც, საჭიროებისამებრ.

როდესაც მეორე გვერდიც დაიბრაწება, გამორთეთ ცეცხლი, დაახურეთ ტაფას თავსახური და გააჩერეთ 7-8 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩართეთ ისევ ცეცხლი და რომ გაცხელდება ქათმის ნაჭრები, დაამატეთ პესტოს სოუსი, კარგად მოურიეთ.

თეფშზე დააწყვეთ ქათმის ნაჭრები, ზემოდან ან გვერდზე დააწყვეთ შემწვარი სატაცური, მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი და კოვზით მოასხით ტაფაზე მორჩენილი პესტოსა და ცხიმის ნარევი.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli