ქათმის სალათა პესტოს სოუსით - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ბოსტენული კარგად გარეცხეთ და გააჩერეთ წყლიან ჯამში.

ამასობაში, ქათმის ფილე დაჭერით გრძელ ნაჭრებად. მოაყარეთ პილპილი და მარილი და ამოავლეთ ფქვილში. ქამა სოკო დაჭერით მსხვილ ნაჭრებად. გაახურეთ ტაფა საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე. მოასხით ზეითუნის ზეთი, რომ გახურდება დააწყვეთ ქათმის ნაჭრები და ტაფაზევე მოათავსეთ დაჭრილი სოკოც. ცეცხლს ჩაუწიეთ საშუალო მაჩვენებლამდე. 3 წუთის განმავლობაში არ შეეხოთ ხორცს და არ მოხადოთ თავსახური ტაფას. 3 წუთის შემდეგ, გადმოაბრუნეთ ქათმის და სოკოს ნაჭრები და ისევ 3 წუთის განმავლობაში გააჩერეთ ცეცხლზე. შემდეგ გადმოიღეთ თეფშზე, გადააკარით ფოლგა და გააჩერეთ.

დაჭერით სალათის და რუკოლას ფოთლები, მწვანე ხახვი და ქინძი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. მოაყარეთ ცოტა მარილი და მოასხით ბალზამიკო, ისევ კარგად მოურიეთ. გადაანაწილეთ 2 თეფშზე. თითოეულ თეფშზე, სალათის ზემოდან დააწყვეთ დაჭრილი პამიდორი, კიტრი, შემწვარი ქათმის და სოკოს ნაჭრები, მოცარელას ბურთები (შეგიძლიათ შეცვალოთ ჭყინტი იმერული ყველით ან სულგუნით) და კრუტონები. ზემოდან მოასხით თითო კოვზი პესტო. თუ პესტო ძალიან სქელია, მაშინ გახსენით სულ ცოტა ზეითუნის ზეთში და ისე მოასხით სალათს.

მარტივი კრუტონების მოსამზადებლად, გაჭერით ნიორის კბილი შუაზე და წაუსვით პურის ნაჭრებს ყველა მხრიდან. დაჭერით პური პატარა კუბიკებად. ტაფაზე, საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცზლზე დაბრაწეთ/გახუხეთ კუბიკები, პერიოდულად არხიეთ ტაფა და ისე გადმოაბრუნეთ კრუტონები. შემდეგ მოასხით სულ ცოტა (დაახლ 1.ჩ. კ.) ზეითუნის ზეთი და შუაზე გაჭრილი ნივრის ნაჭრებიც ტაფაზე დააწყვეთ. პერიოდულად არხიეთ ტაფა და ისე გადააბრუნეთ კრუტონები. რამდენიმე წუთში კრუტონები მზად არის.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli