ხბოს ჩაქაფული - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ჩაქაფულის ბევრნაირი რეცეპტი არსებობს - ალბათ ყველა ოჯახს თავისი განსაკუთრებული რეცეპტი აქვს. შემოგთავაზებთ ერთ-ერთ რეცეპტს, რომელიც დღეს მასწავლეს (რა თქმა უნდა მცირე ცვლილებები შევიტანე დოზებში და გაკეთების ხერხებში:)). ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ გამომიყენებია თეთრი ღვინო, თუმცა ძალიან მოუხდება. ღვინის გარეშეც ძალიან არომატული და გემრიელი გამოვიდა კერძი.

გაახურეთ ღუმელი 210C-მდე.

დაჭერით ხბოს ხორცი პატარა კუბიკებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ასევე, დაჭერით ხახვი. გაახურეთ ქვაბი საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე, ჯერ ჩაასხით ზეითუნის ზეთი, შემდეგ კარაქი (კარაქი აღარ დაიწვება, თუ ჯერ ზეითუნის ზეთს ჩაასხავთ). ჩაყარეთ ქვაბში ხორცის ნაჭრები და დაჭრილი ხახვი, კარგად მოურიეთ. 2 წუთით გააჩერეთ მაღალ ცეცხლზე, პერიოდულად ურიეთ. შემდეგ კი ჩაუწიეთ და დაბალ ცეცხლზე განაგრძეთ ჩაშუშვა თავდახურულ ქვაბში 15-20 წუთის განმავლობაში. პერიოდულად მოურიეთ. ცეცხლის ჩაწევიდან 5-6 წუთში ხორცმა უნდა გაუშვას წვენი (იხ. სურათი მარცხნივ). თუ არ გაუშვა, შესაძლებელია ძალიან მაღალ ცეცხლზე გაქვთ და დაშრა, ან პირიქით, იმდენად დაბალ ცეცხლზე გაქვთ, რომ არ იშუშება ხორცი. ამიტომ, ტემპერატურა შესაბამისად არეგულირეთ.

სანამ ქვაბს ცეცხლიდან გადმოდგავთ, 5 წუთით ადრე ჩააყარეთ ტყემალი ან ალუჩა და ფრთხილად მოურიეთ. გასინჯეთ ხბოს ხორცი, თუ მოხარშულია ან თითქმის მოხარშულია, შეგიძლიათ გადმოდგათ ცეცხლიდან.

დაჭერით მწვანე ხახვი, ტარხუნა (არ გამოიყენოთ ტარხუნას უხეში ღეროები, გამოიყენეთ მხოლოდ ნორჩი ღეროები და ფოთლები), ოხრახუში, ქინძი, წიწმატი და პიტნა. ეს ბოლო ორი ჩემთვის სიახლე იყო და მინდა გითხრათ, რომ საოცრად მოუხდა კერძს. დაჭრილი მწვანილი აურიეთ ერთ დიდ ჯამში. მწვანილი გრამებშია მითითებული, თუმცა აქ არ არის არანაირი შეზღუდვა. უბრალოდ, გრამების მიხედვით წარმოდგენა შეგექმნებათ, თუ რა პროპორციებით უნდა გამოიყენოთ.

ხორცის მასა გადაიტანეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში (შეგიძლიათ გამოიყენოთ კერამიკის ქვაბი ან თუნდაც ღია ჭურჭელი, როგორც ეს მოცემულია მარცხნივ სურათში). შემდეგ ზემოდან მოაყარეთ მწვანილის მასა და მოაყარეთ ასევე მარილი. მწვანილის მასას ხელით ოდნავ დააწექით, რომ ქვემოთ ხორცის მასაშიც ოდნავ შეერიოს. ზემოდან მოასხით ქვაბში დარჩენილი ხორცის წვენი. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა მდუღარე წყალიც. დააფარეთ თავსახური ან ფოლგა და შედგით ღუმელში 7-10 წუთით. შემდეგ მოხადეთ თავსახური ან ფოლგა და გააჩერეთ ღუმელში კიდევ 10-12 წუთით. პერიოდულად, კოვზით დააწექით მწვანილის მასას, რომ წვენი ზემოთ ამოვიდეს და მწვანილის მასა მოიხარშოს.

მიართვით ლამაზად სააღდგომო სუფრაზე!

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli