ხორცის ლაზანია - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

გაახურეთ დიდი ტაფა საშუალო ცეცხლზე და მოასხით ზეითუნის ზეთი. ჩაშუშეთ ხახვი ისე, რომ არ დაიბრაწოს. დაამატეთ ხორცის ფარში და ხის კოვზით დაანაწევრეთ, რომ კოშტები არ გაკეთდეს. დაახლოებით 2 წუთის შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს ოდნავ. დაახურეთ ტაფას დავსახური და ისე ჩაშუშეთ ფარში. პერიოდულად მოურიეთ ხის კოვზით და ასევე კოშტები დაანაწევრეთ. დაახლოებით 5-7 წუთის შემდეგ დაამატეთ დაჭრილი/დაჭყლეტილი ნიორი. 2-3 წუთის შემდეგ დაამატეთ ღვინო და ცეცხლს ოდნავ მოუმატეთ. პერიოდულად კარგად ურიეთ. თუ შეატყობთ, რომ წვენი სწრაფად შრება, დაუწიეთ ცეცხლს, რადგან მასა ცოტა წვნიანი უნდა გამოვიდეს. 5 წუთის შემდეგ დაამატეთ დაჭრილი სოკო და კიდევ 3 წუთის განმავლობაში ჩაშუშეთ.

ხის კოვზით, ტაფის შუა გულში გააკეთეთ წრის ფორმის სიცარიელე (ფარში კედლებისკენ გაწიეთ) - სიცარიელე შეივსება წვენით. ამ წვენში გაურიეთ ტომატის პასტა - ხის კოვზით მოურიეთ და შემდეგ შეფერილი წვენი თანაბრად გადაანაწილეთ მთლიან მასაზე.

ქილის პამიდორში გაურიეთ შაქარი და ისე დაამატეთ ხორცს. მოაყარეთ ორეგანო, ბაზილიკი, მარილი და პილპილი. მასა რომ წამოდუღდება, შეგიძლიათ გამორთოთ.

ცალკე ქვაბში ჩაასხით რძე და დაამატეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი კარაქი. დადგით საშუალო ცეცხლზე. კარაქი რომ გადნება მთლიანად, რძეს თანდათან დაამატეთ ორი სუფრის კოვზი ფქვილი,  კარგად ურიეთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები კოშტი გაკეთდეს. შეეცადეთ კოშტებიც კოვზით გასრისოთ.

ცალკე გახეხეთ ყველი.

გაახურეთ ღუმელი 180 C-მდე.

აიღეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელი, მინიმუმ 3 სმ სიღრმის რომ იყოს. შეგიძლიათ ერთ დიდ ჭურჭელში გააკეთოთ, ან ორ პატარა ჭურჭელში.

ჭურჭელს წაუსვით კარაქი, ძირზეც და კედლებზეც. მოასხით 8-10 ს.კ. რძის მასა. დააწყვეთ ლაზანიას ფირფიტები, როგორც მოგიხერხდებათ. რა წყობითაც დააწყობთ, ყველა ფენა იგივე წყობით უნდა გაიმეოროთ. ფირფიტებს, ზემოდან მოასხით 2 ს.კ. რძის მასა და თანაბრად გაანაწილეთ, განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ, რომ ფირფიტის კიდეებიც დასველდეს.  ხორცის ფარში გაანაწილეთ 3 ნაწილად და ცოტა (დაახლოებით 1 ს.კ.) კიდევ მოიტოვეთ ზედა ფენისთვის. ფირფიტებზე თანაბრად გაანაწილეთ ხორცის ფარში, ოღონდ კიდეებთან ცოტა ადგილი დატოვეთ, რადგან ზემოთ ფენები რომ დაემატება ცენტრიდან ფარში მაინც წამოვა კიდეებისკენ. მოაყარეთ ყველი (მთლიანი ყველის 1/4), მოასხით 2-3 ს.კ. რძის მასა. დააწყვეთ ფირფიტები, მოასხით რზის მასა, ხორცის ფარში, ყველი და რძის მასა. ესე გააგრძელეთ და გააკეთეთ მინიმუმ 3 ფენა. მეოთხე ფენაზე, ზემოდან მოასხით რძის მასა, მოტოვებული ხორცის მასა თანაბრად გადაანაწილეთ და ზემოდან დააყარეთ ყველი.

შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ საშუალოდ 35-37 წუთის განმავლობაში. შეამოწმეთ, თუ ფირფიტები დარბილებულია, ლაზანია უკვე მზად არის. თუ ზედაპირი დაბრაწული არ არის, შეგიძლიათ მოუმატოთ ტემპერატურას ღუმელის ზედა ნაწილიში და დაბრაწოთ.