ქოქოსის ბრაუნი - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ბრაუნი მომზადებულია შემდეგი რეცეპტის მიხედვით (მცირე ცვლილებებით) http://www.bbcgoodfood.com/recipes/402625/fudgy-coconut-brownies

მოცემულ რეცეპტში, ბრაუნის სხვა კლასიკური რეცეპტებისგან განსხვავებით, გამოყენებული არ არის შოკოლადის ფილა.

ღუმელი გააცხელეთ 180 C-მდე.

ქვაბში ერთად აურიეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი, შაქარი და კაკაო. უფრო დიდ ქვაბში ჩაასხით ცოტა წყალი და აადუღეთ. პატარა ქვაბი ზემოდან დაადგით ისე, რომ მისი ძირი დიდი ქვაბის ძირს არ შეეხოს (როგორც ეს სურათზეა მოცემული) და გაადნეთ მასა, პერიოდულად ურიეთ კოვზით. გაითვალისწინეთ, რომ შაქრიანი ქვაბი პირდაპირ ცეცხლზე არ უნდა დადგათ, თორემ შესაძლოა ქვაბის ძირზე მიიწვას. კარგად რომ გადნება კარაქი და მასა სველი გახდება, გადმოდგით ცეცხლიდან და ოდნავ გააგრილეთ. შემდეგ, გრილ მასას შეურიეთ კვერცხი და ვანილი და კარგად მოურიეთ. ცალკე ჯამში, ფქვილში აურიეთ საფუარი და ქოქოსის ფანტელები. თანდათან შეურიეთ ფქვილის მასა კარაქის მასას და მოურიეთ კოვზით. დაამატეთ დაჭრილი ნიგოზი და ისევ კარგად მოურიეთ.

მასა ჩაასხით საცხობ ფორმაში, სასურველია თუნუქის, ან რაიმე თხელ ფორმაში, რომ შიგთავსიც კარგად გამოცხვეს. ფორმის ზომა უნდა იყოს დაახლოებით 20x15 სმ, ხოლო ფორმაში ჩასხმული მასის სიმაღლე სასურველია არ აღემატებოდეს 3 სმ-ს. ღუმელში გამოაცხვეთ 40-45 წთ-ის განმავლობაში. თუ გსურთ, რომ შიგთავსი შედარებით რბილი იყოს (როგორც ეს სურათზეა მოცემული), შეგიძლიათ უფრო მაღალი ზომის გამოაცხოთ ბრაუნი.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli