კროსტინი რიკოტას ყველით
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

კროსტინი და ბრუსკეტა ყველასათვის საყვარელი შესავალი კერძია. განსხვავება მათ შორის ძირითადად ზომებშია, ბრუსკეტა შედარებით დიდი ზომის ნაჭრებზე კეთდება, ხოლო კროსტინისთვის შედარებით პატარა ზომის პურები შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად ბაგეტი.

კროსტინის მომზადება ძალიან მარტივია, მთავარია ფანტაზია.

დღეს შემოგთავაზებთ მარტივ რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ მიართვათ სუფრასთან სადილამდე ან თუნდაც საუზმედ.

ჩვენთან რიკოტას ყველს იშვიათად თუ წააწყდებით, ასე, რომ გირჩევთ თავად მოამზადოთ. თან, ახლად მომზადებული გაცილებით გემრიელია. რიკოტას ყველი ძალიან გავს ჩვენებურ ხაჭოს, თუმცა არის მცირე განსხვავებაც. როგორც წესი, რიკოტას მომზადების დროს, რძეს ნაღებსაც ამატებენ და მასა უფრო ნაზი გამოდის, თუმცა შეგიძლიათ მის გარეშეც მოამზადოთ.

ჩაასხით რძე ქვაბში. ცალკე ჭიქაში ამოიღეთ მაწონი, დაამატეთ ქვაბიდან ცოტა რძე და კარგად მოურიეთ. მასა ერთგვაროვანი რომ გახდება, ამის შემდეგ ჩაასხით რძიან ქვაბში. დაამატეთ ძმარი და კარგად მოურიეთ. ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე. თანდათან რძე ფერს შეიცვლის და თავზე “მოიგდებს” მოყვითალო ფერის სითხეს. როდესაც მასა წამოდუღებას დაიწყებს, გადმოდგით ცეცხლიდან და გადაწურეთ საწურზე. გაითვალისწინეთ, რომ მაღალ ცეცხლზე არ დადგათ თავიდან რძე, რადგან მალევე ადუღდება და სასურველ მასას ვერ მიიღებთ.

ამასობაში ღუმელი გაახურეთ 200C-მდე. გაჭერით ნიორის კბილი შუაზე და შუა ნაწილი წაუსვით პურის ნაჭრებს და ისე შეაწყვეთ ღუმელში 5-7 წუთით. შემდეგ გამოიღეთ პურის ნაჭრები, ზედ დაადეთ რიკოტას ყველი, მოასხით გაუფილტრავი ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი. ცალკე ჯამში აურიეთ დაჭრილი პამიდორი, მარილი და პიტნის რამდენიმე ფოთოლი (თუ პიტნა არ გიყვართ, შეგიძლიათ შეცვალოთ ბაზილიკის ფოთლებით ან ხმელი ბაზილიკით). კარგად მოურიეთ პამიდორის მასას, შემდეგ დააწყვეთ რიკოტას ყველს ზემოდან და ისე მიართვით სუფრასთან.


გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli

კროსტინი რიკოტას ყველით