კუსკუსი ქათმით და ბოსტნეულით
გემრიელი რეცეპტები
 
 

დაჭერით ქათმის ფილე, დაახლოებით 2 სმ–ის სიგრძის და 1.5 სმ სიგანის ნაჭრებად. მოზრდილ ჯამში მოასხით 2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი. ჩაყარეთ ქათმის ნაწრები და კარგად ამოურიეთ ხელით, რომ სოიოს სოუსი თანაბრად განაწილდეს.

დადგით დიდი ზომის ტაფა საშუალო ცეცხლზე. დაასხით ზეითუნის ზეთი (დაახლოებით 2–3 სუფრის კოვზი). ქათმის ნაჭრები ამოავლეთ ფქვილში და შემდეგ დაყარეთ ტაფაზე ისე, რომ ყველა ნაჭერი ტაფის ძირზე განთავსდეს. დატოვეთ ცეცხლზე 2–3 წუთი. 2–3 წუთის შემდეგ გადააბრუნეთ ნაჭრები და ისევ დატოვეთ ცეცხლზე 2–3 წუთი. დაამატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და კარგად ამოურიეთ. თუ ატყობთ, რომ მასა ძალიან მშრალია, შეგიძლიათ დაამატოთ სულ ცოტა ზეთი. ჩაშუშეთ ქათამი ხახვთან ერთად კიდევ 2–3 წუთი.

ჭიქაში ჩაასხით რძე, დაამატეთ ქიურის და კოჭას ფხვნილი, კარგად მოურიეთ და შემდეგ მოასხით ქათამს თანაბრად, რძე ასევე ტაფის ძირზეც საკმაოდ უნდა დარჩეს, თუ შეიშრო, შეგიძლიათ დაამატოთ. კარგად ამოურიეთ და 3–4 წუთის განმავლობაში დატოვეთ ცეცხლზე. რძე ფქვილში აირევა და ოდნავ ბლანტი გახდება. მოაყარეთ პილპილი და მარილი გემოვნებით და გადმოდგით ცეცხლიდან.

ლობიოს მასის მოსამზადებლად, აიღეთ მცირე ზომის ქვაბი და დადგით საშუალო ცეცხლზე. რომ შეხურდება ქვაბი, მოასხით ზეითუნის ზეთი (2 სუფრის კოვზი დაახლოებით). დაამატეთ დაჭრილი ხახვი და კარგად მოურიეთ. ხახვი რომ ჩაიშუშება, დაამატეთ დაკონსერვებული ლობიო თავისი წვენით. კარგად რომ შეთბება, დაამატეთ შავი პილპილი, უცხო სუნელი და ძალიან ცოტა კვლიავი. შემდეგ საჭყლეტით ამოზილეთ ლობიო ისე, რომ ყველა მარცვალი გაისრისოს.  მარილი მოაყარეთ გემოვნებით და გადმოდგით ცეცხლიდან

ბოსტნეულის ჩაშუშულის მოსამზადებლად, დაჭერით ბულგარული წიწაკა სქელ ნაჭრებად, გახეხეთ სტაფილო მსხვილ სახეხზე, დაჭერით მწვანე ხახვი. საშუალო ცეცხლზე გაახურეთ ტაფა, მოასხით ზეითუნის ზეთი ( 2 სუსფრის კოვზი დაახლოებით) – ერთდროულად დაყარეთ ბოსტნეული ტაფაზე, დაუწიეთ ცეცხლს და ჩაშუშეთ ბოსტნეული. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

ცალკე ჟამში ჩაყარეთ დაჭრილი პამიდორი (პატარა კუბიკებად), წვრილად დაჭრილი ხახვი, ორეგანო (დაახლოებით 1/3 ჩაის კოვზი), მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ.

მოამზადეთ კუსკუსი ინსტრუქციის მიხედვით. მე ვიხელმძღვანელე შემდეგი ინსტრუქციით: ქვაბით ცეცხლზე დადგით 2 ჭიქა წყალი. როდესაც წყალი ადუღდება, დაამატეთ დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. შემდეგ დაამატეთ 2 ჭიქა კუსკუსი და კარგად ამოურიეთ. ცეცხლს ცოტა დაუწიეთ, რომ არ მიიწვას. კუსკუსი წყალს უცებ შეიწოვს (მნიშვნელოვანია პროპორციების დაცვა, სხვა შემთხვევაში წყლის მეტობის გამო, კუსკუსი ძალიან თხევადი გამოვა, ხოლო წყლის ნაკლებობის გამო ძალიან მშრალი). დაამატეთ მასას ორი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და კარგად ამოურიეთ.

დიდ, ფართო ჯამზე დაყარეთ კუსკუსი, ხოლო ზემოდან მოათავსეთ ქათმის ფილე, ჩაშუშული ბოსტნეული, ლობიო და პამიდორი. გადმოღების დროს, კოვზით შეგიძლიათ გადმოიღოთ ქათმის ფილე და მის ქვეშ მოთავსებული კუსკუსი, შემდეგ ლობიო და მის ქვეშ მოთავსებული კუსკუსი და ა.შ. – ცოტა ცოტა ყველაფერი. შემდეგ ერთმანეთშიც შეგიძლიათ აურიოთ და გემრიელად მიირთვათ :)

მომზადება

ცოტა რამ კუსკუსის შესახებ:

კუსკუსი მზადდება ქატოსგან და ხორბლის ფქვილისგნა. დანამულ ქატოს ზილავენ, ხოლო შემდეგ თეთრ ფქვილს შეაზილავენ. საბოლოო ჯამში მიიღება მცირე ზომის გრანულები. კუსკუსს, როგორც წესი, დიდი ხანი ჭირდება მომზადება და ორთქლზე ხარშავენ. კუსკუსი ძალიან პოპულარულია აფრიკაში (სავარაუდოდ, კუსკუსი პირველად აფრიკაში დაამზადეს) – როგორც წესი, კუსკუსს ზემოდან აწყობენ ცხვრის ხორცს ან ბოსტნეულის ჩაშუშულს. კუსკუსი (ცივი) ასევე გამოიყენება სალათებშიც.

ხშირად შეხვდებით კუსკუსს შუა აღმოსავლეთის ქვეყნებშიც, თურქეთშიც. შეგიძლიათ სხვადასხვა რეცეპტების იმპროვიზაცია – ზემოთ აღნიშნული რეცეპტი ნარევია – ქათამი მომზადებულია ინდური რეცეპტით, ლობიო ქართულით, პამიდორი იტალიურად, ხოლო ბოსტნეული – ჩაშუშული ბოსტნეული ყველგან ჩაშუშული ბოსტნეულია :)