მაყვლის ჩიზქეიქი (ყველის ნამცხვარი)
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ყველის ნამცხვარი ჩვენთან ჩიზქეიქის სახელით არის დამკვიდრებული. ნამცხვრის რეცეპტი აშშ-დან მოდის, და შესაბამისად, სახელიც ინგლისური შერჩა.

ხშირად, საქართველოში, ჩიზქეიქს შეცდომით ეძახიან ხაჭოს ნამცხვარს. ჩიზქეიქის მთავარი ინგრედიენტი კი ნაღების ყველია (“ქრიმჩიზი” - cream cheese), რომელსაც სქელი კრემის კონსისტენცია აქვს და ოდნავ მჟავე გემო დაკრავს. ნაღების ყველის მომზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ, შევეცდები მალე შემოგთავაზოთ რეცეპტიც, თუმცა ბევრ მსხვილ სუპერმარკეტშიც შენიშნავთ ნაღების ყველს.

დააქუცმაცეთ ფხვიერი ორცხობილა, დაამატეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და მოზილეთ ცომივით. როდესაც უკვე შეიკვრება მთლიანი მასა, დაახლოებით 22 სმ.-ის დიამეტრის მრგვალ ფორმაზე გადაანაწილეთ, როგორც ძირზე, ასევე კედლებზეც. შედგით ღუმელში, 180C-ზე და გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ ღუმელიდან და მთლიანად გააგრილეთ.

მაყვალი დააბლენდერეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან პიურეს. შემდეგ, საწურზე გადახეხეთ, რომ მიიღოთ მსუბუქი მასა, ხოლო წიპწები საწურზე დაგრჩებათ. მაყვლის მსუბუქ პიურეს დაამატეთ 2 ჩ.კ. შაქარი და ლიქიორი. კარგად მოურიეთ და დადგით გრილ ადგილზე (არ შედგათ მაცივარში).

მიქსერით ან თუნდაც კომბაინში, გათქვიფეთ ნაღების ყველი, დაამატეთ შაქარი და განაგრძეთ მორევა. თანდათან შეურიეთ კვერცხი, ვანილი და ბოლოს არაჟანი.

როდესაც გამომცხვარი ქერქი მთლიანად გაგრილდება, დაასხით ნაღების ყველის მასა. შემდეგ კოვზით დაასხით მაყვლის პიურე სხვადასხვა ადგილზე. ასანთის ღერით შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმების მიცემა. სასურველია, რომ ფორმა შედარებით მაღალი იყოს, რომ ნამცხვარიც უფრო მაღალი და გემრიელი გამოვა.

შედგით ნამცხვარი ღუმელში 150C-ზე და გამოაცხვეთ 50-60 წუთის განმავლობაში. შემდეგ, ღუმელის კარი ოდნავ შეაღეთ, ღუმელი გამორთეთ და ესე გააჩერეთ ნამცხვარი ღუმელში კიდევ 1 საათით. გამოიღეთ ნამცხვარი ღუმელიდან, მთლიანად რომ გაგრილდება, შედგით მაცივარში მინიმუმ 6 საათით.

ნამცხვარი საკმაოდ ნოყიერია, თუმცა რადგან ცივად მიირთმევთ, საკმაოდ მსუბუქი დესერტის გემო აქვს. სურვილისამებრ, მაყვალი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ჟოლოთი, მარწყვით ან სხვა რომელიმე კენკრის სახეობით.


გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli