მარციპანი შოკოლადში, ჟოლოს ჯემით
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

თავდაპირველად მოვამზადოთ ჯემი: ჟოლო და შაქარი ჩაყარეთ ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე. კოვზით ჟოლო ჩაჭყლიტეთ და კარგად ურიეთ მუდმივად, რომ შაქარი არ მიიწვას ქვაბის ძირზე. როგორც კი შაქარი გადნება და მასა ოდნავ წამოდუღებას დაიწყებს, გამორთეთ. შეგიძლიათ დაამატოთ 1.5 ჩ.კ. რომი (ძალიან უხდება). ქვაბი დადგით გრილ ადგილას, რომ ჯემი შეგრილდეს.

შემდეგ მოვამზადოთ მარციპანი. ამისათვის საჭიროა, რომ ნუშს გავაძროთ კანი. ჯამში ჩაყარეთ ნუში და დაასხით იმდენი მდუღარე წყალი, რომ ნუში დაფაროს. წყალი რომ შეგრილდება, შემდეგ ნუშს ადვილად მოძვრება კანი - თითებს შორის მოაქციეთ ნუში, მოსრისეთ და კანიც გაძვრება. ოთახის ტემპერატურაზე გააშრეთ კანგაცლილი ნუში და მხოლოდ ამის შემდეგ მოამზადეთ მარციპანი.

ძლიერ ჩოპერში ჩაყარეთ ნუში და დააბლენდერეთ. როდესაც მაქსიმალურად პატარა ნატეხებად დაქუცმაცდება, დაამატეთ შაქრის პუდრი და რამდენჯერმე დააბლენდერეთ. შემდეგ დაამატეთ მწარე ნუშის ესენცია/ექსტრაქტი და დააბლენდერეთ მანამ, სანამ მასა პასტის კონსისტენციას არ მიიღებს.

შემდეგ ხელით დაამრგვალეთ მასა, ჩაარჭვეთ ცერა თითი ერთ მხარეს და გარშემო შემოასწორეთ (როგორც ეს სურათზეა ქვემოთ მოცემული). ბურთულები დადეთ ფოლგა-გადაკრულ ზედაპირზე. როდესაც ყველა ბურთი მზად გექნებათ, კრემის მოსართავით ჯემი მოათავსეთ ყველა ბურთულაში და ცოტა ხნით შედგით საყინულეში (დაახლ. 5-6 წუთით).

ამასობაში, მდუღარე წყალზე გაადნეთ შოკოლადი. თუ არ გაქვთ შოკოლადის სადნობი ჭურჭელი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი ქვაბი - ერთი უფრო დიდი ზომის, მეორე კი უფრო პატარა. მოცემულ რეცეპტში შოკოლადი იმდენად ცოტაა, რომ ძალიან პატარა ქვაბი დაგჭირდებათ. დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი და აადუღეთ. პატარა ქვაბში კი ჩაყარეთ შოკოლადის ნატეხები. პატარა ქვაბი ჩადგით დიდ ქვაბში ისე, რომ პატარა ქვაბის ძირი ეხებოდეს მხოლოდ მდუღარე წყალს და არა დიდი ქვაბის ძირს. შოკოლადის დნობის პროცესში, დიდი ქვაბი მუდმივად უნდა გქონდეთ ცეცხლზე, რადგან წყალი არ გაცივდეს. შოკოლადი რომ გადნება, გადმოდგით და მოათავსეთ გრილ წყალზე - როგორც კი მასა შეგრილდება (გაითვალისწინეთ, რომ ძალიან არ უნდა გაცივდეს, თორემ გამაგრდება), გამოიღეთ ბურთულები საყინულედან და სწრაფად ამოავლეთ შოკოლადში. თუ ატყობთ, რომ შოკოლადი გამაგრდა, ისევ დააბდრუნეთ ცხელ წყალზე და დაადნეთ. შოკოლადში რომ ამოავლებთ ბურთებს, შოკოლადით დაიფარება ასევე ჟოლოს ჯემიანი ღიობიც. კანფეტი ისევ ფოლგიან ზედაპირზე დააწყვეთ, ცოტა ხნით შედგით საყინულეში (დაახლოებით 5-6 წუთი) და შემდეგ შეინახეთ მაცივარში. ალბათ ერთი კვირა უპრობლემოდ შეინახება, თუმცა ჩემს მაცივარში ესეთი გემრიელი შოკოლადი 1 დღეზე დიდხანს არ ჩერდება :-)

შოკოლადი მარციპანით და ჟოლოს ჯემით - საოცრად არომატული დესერტია- მწარე ნუშის არომატი ერწყმის ტკბილ-მჟავე ჟოლოს ალკოჰოლთან ერთად და საბოლოოდ ასრულებს შავი შოკოლადის გემო.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli