მასკარპონე
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

მასკარპონე იტალიური ყველის სახეობაა, რომელსაც სხვადასხვა კერძსა და დესერტში იყენებენ, თუმცა ჩვენთან ალბათ ყველაზე პოპულარული ტირამისუს გამო გახდა.

მასკარპონეს მომზადება სახლშიც შეიძლება. ამისთვის დაგჭირდებათ ორი ქვაბი - ერთი დიდი, მეორე უფრო მცირე ზომის. დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი და აადუღეთ. რომ ადუღდება, ჩაუწიეთ ცეცხლს ისე, რომ წყალმა დუღილი განაგრძოს. პატარა ქვაბში ჩაასხით ნაღები (რაც უფრო სქელია ნაღები, მით უფრო სქელი გამოვა მასკარპონეც.. თუმცა, თუ თხელია, მაგრამ ცხიმიანობა 30%-ზე მეტი აქვს, მაინც გამოგივათ). ჩადგით პატარა ქვაბი დიდ ქვაბში ისე, რომ პატარა ქვაბს მდუღარე წყალი ეხებოდეს როგორც ძირზე, ასევე პატარა ქვაბის კედლებზეც, მინიმუმ იმ დონემდე, სადამდეც ნაღები არის ჩასხმული.

გააჩერეთ ნაღები 3 - 7 წუთი მდუღარე აბაზანაზე და პერიოდულად ურიეთ. დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ჭურჭელს იყენებთ და რა დონეზე გაქვთ ცეცხლი, ამიტომ თქვენ თავად აკონტროლეთ დრო. ნაღები უნდა გახდეს უფრო ცხელი, ვიდრე თბილი, მაგრამ არ უნდა ადუღდეს. დაამატეთ ახლად გამოწურული ლიმონის წვენი და კარგად მოურიეთ. გააჩერეთ ცეცხლზე 5-12 წუთი. შენიშნავთ, რომ მასა თანდათან შესქელდება, თუმცა კვლავ ნაღების კონსისტენცია ექნება. ოდნავ ფაფასავით რომ შესქელდება, შეგიძლიათ გადმოდგათ ცეცხლიდან და გააგრილოთ ქვაბი.

საწურში ჩააფინეთ რამდენიმე ფენა წმინდა მარლა და გადაწურეთ მასკარპონე. საწურიანად შედგით მაცივარში (ქვემოთ ჭურჭელი მაინც შეუდგით) და გააჩერეთ მინიმუმ 8 საათი. 8 საათის შემდეგ ნახავთ, რომ მასა უფრო შესქელდა.

მასკარპონე მზად არის. შეგიძლიათ გადაიტანოთ სხვა თავსახურიან ჭურჭელში და მაცივარში შეინახოთ მაქსიმუმ 1 კვირის განმავლობაში.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli