დაბადების დღის ნამცხვარი - მანქანა 
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ბისკვიტი:

კარაქი გათქვიფეთ მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე. დაამატეთ შაქარი და კარგად მოურიეთ მიქსერით. დაამატეთ კვერცხი და 4-5 წუთის განმავლობაში, მაღალ სიჩქარეზე გათქვიფეთ. უნდა მიიღოთ ფაფუკი მასა, შაქარიც გამდნარი უნდა იყოს. თუ შაქარი გამდნარი არ არის, ცოტა ხანი კიდევ გათქვიფეთ მიქსერით. დაამატეთ სოდა და ძმარი შემდეგნაირად. 1 ჩ.კ. სოდას დაასხით დაახლოებით 1/5 ჩ.კ. ძმარი. თუ კოვზზე მშრალი სოდა დაგრჩათ, სულ ცოტა კიდევ დაამატეთ ძმარი. დაამატეთ ასევე ვანილი და კარგად მოურიეთ. შემდეგ დაამატეთ არაჟანი და ისევ მოურიეთ. დაამატეთ რძე და დაბალ სიჩქარეზე გადართეთ მიქსერი. თანდათან შეურიეთ ფქვილი - თითო-თითო სუფრის კოვზით და ისევ მიქსერით განაგრძეთ მორევა. ცომი არც ძალიან თხელი უნდა გამოვიდეს, თუმცა სქელიც არ უნდა იყოს.

გაყავით ცომის მასა 2 ნაწილად. 1 ნაწილს დაამატეთ 2 ს.კ. კაკაო და კარგად მოურიეთ.

ღუმელი გაახურეთ 180C-მდე.

აიღეთ ოთხკუთხედი ზომის ფორმა. ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი. შემდეგ ცენტრში კოვზით დაასხით თეთრი მასა, ზემოდან დაამატეთ შავი მასა, შემდეგ ისევ თეთრი და ა.შ. ცომი თანდათან გაიშლება წრიულად და ზოლებს გაიკეთებს (იხ. სურათი).

ღუმელში გამოაცხვეთ 35 წუთის განმავლობაში - შესაძლოა 40 წუთიც დაჭირდეს თუ ჭურჭელი შედარებით ვიწროა და მაღალი. შეამოწმეთ ასანთის ღერით - თუ ასანთის ღერი ცომიდან მშრალი ამოვა, ე.ი. ბისკვიტი მზად არის. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ღუმელში როდესაც შედგავთ ბისკვიტს, მინიმუმ 20 წუთით ღუმელის კარი არ გააღოთ, თორემ შესაძლოა ცომი ჩავარდეს.

გამოიღეთ ბისკვიტი ღუმელიდან, გააგრილეთ და მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.

კრემი:

ქვაბში ჩაასხით რძე. ცალკე აურიეთ ფქვილი და შაქარი კარგად და ისე დაამატეთ რძეს. კარგად მოურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე. მუდმივად ურიეთ. როდესაც მასა შესქელდება, გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.

ამასობაში, ორმაგ ქვაბზე გაადნეთ შოკოლადი. ერთ ქვაბში ჩაასხით ცხელი წყალი და დადგით ცეცხლზე, მეორე ქვაბი, უფრო პატარა ზომის, დაადეთ ზემოდან ისე, რომ მისი ძირი წყალს ეხებოდეს.პატარა ქვაბში ჩადეთ შოკოლადი და გაადნეთ. შოკოლადი რომ გადნება, გადმოდგით და გააგრილეთ.

მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე გათქვიფეთ კარაქი. თანდათან შეურიეთ შეგრილებული მოხარშული კრემის მასა, დაამატეთ ვანილი და კარგად მოურიეთ. შემდეგ დაამატეთ გაგრილებული გამდნარი შოკოლადი. ასევე, სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ კაკაოც - დაახლოებით 2 ს.კ.

აწყობა:

მარცხნივ მოცემულია სურათი, თუ ბისკვიტის ნაწილები როგორ უნდა დაადოთ ერთმანეთს (სურათზე ბისკვიტი მოცემულია კრემის გარეშე, თუმცა რა თქმა უნდა ბისკვიტს ყველა მხრიდან კრემი უნდა წავუსვათ). უკან, “ბამპერი” შეგიძლიათ დაამაგროთ ხის ან ბამბუკის გრძელი ჩხირებით. გარშემოც კრემის დიდი ფენა წაუსვით.

გააბრტელეთ დაახლოებით 600 გრ. წითელი ფონდანტი - თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ძალიან თხელი არ უნდა იყოს, თორემ ნაპრალები გაჩნდება. გაბრტყელების დროს გამოიყენეთ შაქრის პუდრი, რომ არ მიეკროს ზედაპირს ფონდანტი. მე გავაბრტყელე საკონდიდრო ქაღალდზე  შაქრის პუდრის გარეშე. ფრთხილად გადააფარეთ ფონდანტი კრემიან ბისკვიტს - ქვემოთ არ დაქაჩოთ, პირიქით, ქვემოდან ზემოთ შეუფინეთ რომ ზემოთ გქონდეთ საკმარისი ადგილი ფორმების მისაცემად.

მრგვალი ფორმის საჭრელით მონიშნეთ ბორბლების ადგილი (მე გამოვიყენე კრემის მოსართავის უკანა მხარე). შემდეგ იგივე ფორმით გამოჭერით შავი ფონდანტისგან გაკეთებული ფირფიტა. თითოეულ ბორბალზე დანით დახაზეთ ჯოხები. უკანა მხარეს სულ ცოტა წყალი წაუსვით ფუნჯით და ისე მიაწებეთ წინასწარ მონიშნულ ადგილებს. ზემოდან ყვითელი ფორმის წრეები მიაწებეთ, ისევ წყლით და ფუნჯით.

გამოჭერით საქარე მინა და დააწებეთ. ზემოდან, ცისფერი მრგვალი ფორმის თვალები დააწებეთ - ისევ წყლით და ფუნჯით რა თქმა უნდა. ცისფერ თვალებზე, ცენტრში ლურჯად დაახატეთ წრეები საკონდიტრო საღებავით და ფუნჯით.

წინ მიამაგრეთ გაღიმებული პირი.

შემდეგ უკვე სხვადასხვა დეტალებით გააფორმეთ, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები. ფონდანტის პატარა ნაჭრები შეღებეთ საკონდიტრო საღებავით და ისე გამოჭერით შესაბამისი დეტალები. შეღებივის დროს თეთრ ფონდანტზე დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი საღებავი და თითებით შეაზილეთ ფონდანტს.

ბისკვიტის აწყობის დროს, შეგიძლიათ, რომ საქარე მინის უკან კიდევ დადოთ ბისკვიტი და შესაბამისად ფანჯრებისთვისაც იქნება ადგილი .

რომ დაასრულებთ გაფორმებას, ნამცხვარი შეინახეთ მაცივარში.