პენე რიგატე ხორცის სოუსით - იტალიური სამზარეულო
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

დაჭერით ხახვი და ნიორი. დადგით ქვაბი დაბალ ცეცხლზე. რომ გახურდება, მოასხით ზეითუნის ზეთი (გირჩევთ გაუფილტრავ ზეითუნის ზეთს - “extra virgin” უფრო სურნელოვან არომატს მისცემს კერძს). დაბალ ცეცხლზე ჩაშუშეთ ხახვი და ნიორი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, პერიოდულად მოურიეთ.

წვრილად დაჭერით წითელი ბულგარული წიწაკა და სოკო. ხახვი რომ ჩაიშუშება, დაამატეთ სოკო, ბულგარული წიწაკა, ფარში და კარგად ამოურიეთ. შემდეგ დაამატეთ ქილის პამიდორი და კარგად ამოურიეთ. დაამატეთ ერთი ღერო ცოცხალი როზმარინი (იხ. როზმარინის სურათი მარცხნივ, რომელიც თავად გავახარე ქოთანში - იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ) - ცოცხალი როზმარინი განსაკუთრებულ არომატს სძენს კერძს. თუ არ გაქვთ ცოცხალი როზმარინი, მაშინ, ბინტში გამოკარით 2 ჩ.კ. გამხმარი როზმარინი და ისე ჩადეთ ქვაბში. დაამატეთ დაფნა და ტომატის პასტა. კარგად მოურიეთ და ნელ ცეცხლზე გააგრძელეთ ჩაშუშვა 2 საათის განმავლობაში. თუმცა, მანამდე, 1 საათის გასვლის შემდეგ ამოიღეთ როზმარინი და დაფნა და ისე გააგრძელეთ ჩაშუშვა. ბოლოს მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

თუ ხედავთ, რომ მასა მშრალია, დაამატეთ დაახლ. 50 მლ ცხელი წყალი. თუ სოკოსაც გამოიყენებთ, სავარაუდოდ არ დაგჭირდებათ წყლის დამატება, რადგან სოკოც უშვებს წვენს. 2 საათის შემდეგ, მასა არ უნდა იყოს ძალიან წვნიანი. (იხ. სურათი მარცხნივ - თუ ესეთი წვნიანია, გააგრძელეთ ჩაშუშვა) თუ მასა ძალიან წვნიანი იქნება 2 საათის ბოლოს, აუწიეთ ცეცხლს და თან მოურიეთ პერიოდულად, სანამ წვენი საკმაოდ არ დაშრება.

პენე რიგატე იტალიური პასტის სახეობაა. პენე რიგატეს გარედან ზოლები აქვს, არის ასევე პენე ლიშე, რომლის ზედაპირიც სწორია და ხაზები არ აქვს. თუმცა, გირჩევთ გამოიყენოთ პენე რიგატე, უფრო ლამაზია და მირთმევის დროსაც უფრო პრაქტიკულია, რადგან არ სრიალებს ჩანგალზე. აადუღეთ წყალი ქვაბში, ჩაყარეთ მარილი და ადუღებულ წყალში ჩაყარეთ პენე რიგატე. შეგიძლიათ ზეითუნის ზეთი (რაფინირებული) თავიდანვე დაამატოთ წყალს, ან როდესაც პენე რიგატე მოიხარშება (დაახლ. 10 წუთის შემდეგ), გადაწურეთ საწურში, ცარიელ ქვაბში მოასხით ზეითუნის ზეთი და დააბრუნეთ პენე რიგატე უკან და კარგად მოურიეთ. თუ თავიდანვე დაამატებთ ზეთს, მაშინ გადაწურვის შემდეგ ქვაბში აღარ ჩაასხათ ზეთი და პირდაპირ დააბრუნეთ პენე რიგატე. მოურიეთ და მალევე გამორთეთ.

როდესაც ხორცის სოუსი გამზადდება, თანდათან შეურიეთ პენე რიგატეს ისე, რომ კარგად “ამოისვაროს” პასტა და დაბალ ცეცხლზე გააგრძელეთ მორევა. 2 წუთის შემდეგ გამორთეთ.

თუ ფიქრობთ, რომ სოუსი უფრო ბევრია, შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში და მეორე დღეს გამოიყენოთ - პასტას მოხარშვას სულ 10 წუთი სჭირდება, ხოლო სოუსი კი გამზადებული გექნებათ.

გადმოიღეთ ცხელი კერძი თეფშზე და მოაყარეთ გახეხილი პარმეზანის ყველი (იტალიურად: პარმიჯანო - parmigiano). გირჩევთ, ამ შემთხვევაში ყველი არ შეცვალოთ, რადგან პარმეზანი განსაკუთრებულ გემოს სძენს კერძს. ასევე, გირჩევთ, რომ გაუხეხავი პარმეზანი იყიდოთ და თქვენ თვითონ გახეხოთ სადილის მირთმევის წინ. უკიდურეს შემთხვევაში შეცვალეთ, მშრალი, ცხიმიანი, მწკლარტე გემოს ყველით.

მიირთვით და ისიამოვნეთ.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli