გემრიელი მოგზაურობა ფოკაში
გემრიელი რეცეპტები
 

თუ გიყვართ მოგზაურობა და თან ამავე დროს გურმანიც ხართ, გირჩევთ ეწვიოთ ფოკის დედათა მონასტერს (წმ. ნინოს დედათა მონასტერი), რომელიც ფარავნის ტბასთან ახლოს მდებარეობს, თბილისიდან დაახლოებით 2 - 2.5 საათის სავალზე.

მაღაზია საკმაოდ ვიწროა და თან თუ მაღალიც ხართ, ცოტა უნდა მოერიდოთ ზემოთ გადებულ ხარიხებს. თუმცა, პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია და უცხო ქართული სამზარეულოსთვის. თაროებზე შეხვდებით ლამაზად დაწყობილ ორცხობილებს, შოკოლადის ფილებს, ტრუფელებს, ყველის სხვადასხვა სახეობას, ზეთს, სუნელებს, ღვინოს, ჯემებს და ა.შ.


ფოკის დედათა მონასტრის უგემრიელესი მაღაზია

თუ საჩუქრად გნებავთ წამოიღოთ, ძალიან ლამაზად შეგიფუთავენ. ისედაც, ძალიან კარგი ხალხი დაგხვდებათ, გულღია, მომღიმარი, შეგიძლიათ დააგემოვნოთ ყველი, დაუზარლად გიპასუხებენ შეკითხვებზე, რაც საკმაოდ იშვიათობაა საქართველოს მაღაზიებში.


შეხვდებით ჯემებს არატრადიციული კომბინაციით: ალუბალი რომით, გარგარი კარდამონით, შოკოლადის ტრუფელს ხმელი პიტნით ან შაფრანით, სხვადასხვა სუნელების ნარევს მსხვილ მარილთან ერთად, ა.შ.


მე, პირადად, შევიძინე და დავაგემოვნე შემდეგი პროდუქცია: მაწონი თაფლით და ლავანდით, მომწიფებული ყველი, ყურძნის წიპწის და ზეითუნის ზეთის, ნიორის, ქონდარის და წითელი წიწაკის ნაზავი, შოკოლადის ფილები, შოკოლადის ტრუფელი ხმელი პიტნით, შოკოლადის ტრუფელი შაფრანით, სუნელების ნარევი მარილთან ერთად.


შოკოლადის ფილა საკმაოდ გემრიელი იყო, თან გარეული ქონდა ცუკატები და მიუსლი; სიმართლე გითხრათ, ტრუფელებზე ცოტა გული გამიცრუვდა - მიუხედავად იმისა, რომ ტრუფელი და შაფრანი ძალიან კარგი კომბინაცია აღმოჩნდა ჩემთვის, თავად ტრუფელის გემო არ იყო ისეთი, როგორც საჭიროა. ახლო მომავალში შემოგთავაზებთ ტრუფელის რეცეპტს, იქნებ ფოკაშიც მივაწოდო, რომ სინჯონ განსხვავებული რეცეპტი :)

ძალიან მომეწონა მაწვნის შეფუთვა - თაფლის და ლავანდის ნაზავიც ძალიან გემრიელი იყო, თუმცა ჩემთვის ოდნავ უფრო ტკბილი იყო, ვისურვებდი ოდნავ უფრო მჟავე გემო შემორჩენოდა მაწონს. თუმცა ეს გემოვნების საკითხია და ასევე, ნაკლები სიტკბოთი და მეტი სიმჟავით, მაწონი ადვილად გაფუჭდებოდა, მაცივრის გარეშე.

ძალიან მომეწონა ყველი, რომლის სახელიც სამწუხაროდ არ მახსოვს, ხოლო ფოკიდან წამოღებული ბუკლეტი ჩემმა შვილმა გააქრო. ყველი განსაკუთრებით მოუხდა ლეღვს და თეთრ ღვინოს.

ზეთი საოცრად არომატული აღმოჩნდა. უფრო მეტად ნიორის არომატი დაკრავდა და თან საკმაოდ ცხარეც იყო. ეს ზეთი შეგიძლიათ სალათებისთვის გამოიყენოთ.

სუნელები მხოლოდ სუნით გამოვცადე და საკმაოდ კარგი სუნი აქვს, ვფიქრობ რაიმე კერძი მოვამზადო და გამოვიყენო.

ფოკაში და მიმდებარე ტერიტორიაზე, ხეს იშვიათად თუ წააწყდებით, თან, როგორც წესი, საკმაოდ გრილა. ამიტომ, თუ მანგლისს გამოივლით უკანა გზაზე (თუ თბილისში ბრუნდებით, მანგლისის გზას გამოივლით), შეუხვიეთ მანგლისში და იპოვეთ პატარა შემოღობილი პარკი, სადაც გემრიელი პიკნიკის გაშლაც შეგიძლიათ და ფოკას მონასტერში ნაყიდი გემრიელობების დაგემოვნებაც.


წმ.ნინოს დედათა მონასტერი (ფოკის მონასტერი)

ფოკის დედათა მონასტრის მაღაზია

ორცხობილები

ყველი

ყველი

სასაჩუქრე კოლოფები

შოკოლადის ფილები

შოკოლადის ფილები

ალუბლის ჯემი რომით

ტრუფელი ხმელი პიტნით

სუნელები მარილით

მაწონი თაფლით და ლავანდით

ყველი

ყურძნის წიპწის ზეთის, ზეითუნის ზეთის, ნიორის, ქონდარის და წითელი წიწაკის ნარევი