ფოკაჩა
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ფოკაჩა იტალიური პურის სახეობაა, რომელიც ტრადიციულად უფრო სქელია, მაგრამ რადგან ძალიან მიყვარს “კრაწუნა” ფოკაჩა, რეცეპტსაც ჩემებურს შემოგთავაზებთ.

პატარა ჭიქაში (მაგ. ყავის ფინჯანზე ოდნავ მოზრდილ ჭიქაში), ჩაყარეთ საფუარი და დაამატეთ 2 ჩ.კ. შაქარი. დაამატეთ იმდენი თბილი წყალი, რომ ჭიქა სანახევროდ გაივსოს. წყალი არც ძალიან გრილი უნდა იყოს და არც ძალიან ცხელი, თორემ საფუარი არ გაფუვდება. დააფარეთ ჭიქას პატარა თეფში და გააჩერეთ 3 - 5 წუთის განმავლობაში.

ამასობაში, ჯამში კარგად აურიეთ ფქვილი, მარილი და 2 ს.კ. შაქარი. შუაგულში დაამატეთ საფუარის მასა, დაამატეთ 8 ს.კ. გაუფილტრავი ზეითუნის ზეთი და კარგად მოზილეთ. დაამატეთ იმდენი თბილი წყალი (წყალი ნელ-ნელა შეურიეთ), რომ ელასტიური ცომი შეიკრას. ცომი მოზილეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ დააგუნდავეთ, ჯამში ცოტა ზეითუნის ზეთი მოასხით, დააბრუნეთ გუნდა ჯამში, გადააფარეთ ჩაის ტილო და დადგით თბილ ადგილზე 45 წუთის განმავლობაში.

ჩომი რომ გაფუვდება, გადმოიღეთ მშრალ, სუფთა ზედაპირზე, ცოტა დაზილეთ და შემდეგ გააბრტყელეთ საცხობი დაფის ფართობზე. საცხობ დაფაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და ქაღალდზე დადეთ ცომი.

გაბრტყელებულ ცომზე ჩანგლით გააკეთეთ რიგები, რომ ცხობის დროს ცომი არათანაბრად არ აფუვდეს.

გადაწურეთ უკურკო ზეთისხილი და თითოეული გაჭერით 3 ნაწილად (რგოლებად) და დააწყვეთ ცომზე. ნიორი გაჭერით 4-5 ნაწილად და ასევე ალაგ-ალაგ ჩაარჭვეთ ცომში. იგივენაირად მოიქეცით როზმარინისთვისაც - თუმცა, თუ ცოცხალი როზმარინი არ გაქვთ, შეგიძლიათ შეცვალოთ ხმელი ბაზილიკით, ან ხმელი ორეგანოთი (საშუალოდ 1 - 1.5 ჩ.კ.) და უბრალოდ ზემოდან მოაყარეთ ფოკაჩას. ზემოდან მოაყარეთ მსხვილი მარილი გემოვნებით (დაახლოებით 1/2 ს.კ.)

ასევე, მოაყარეთ გახეხილი პარმიზანის ყველი, მოასხით ზეითუნის ზეთი - 1-1.5 ს.კ..

თუ გსურთ, რომ ფოკაჩა შედარებით ფუმფულა გამოვიდეს, გააჩერეთ საცხობ დაფაზე 1 საათით. თუ არადა, პირდაპირ შედგით ღუმელში 205 C - ზე და გამოაცხვეთ 15-10 წუთის განმავლობაში. როდესაც ფოკაჩა დაიბრაწება, გამოიღეთ ღუმელიდან, ოდნავ გააგრილეთ, დაჭერით (ან დატეხეთ) და მიართვით სუფრასთან.



გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli

ფოკაჩა (Focaccia) - გემრიელი რეცეპტები