ფონდანტი - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

კლასიკური ფონდანტი სხვა რეცეპტით მზადდება და უფრო მყარია, ვიდრე ამ რეცეპტში მოცემული ფონდანტი, შესაბამისად, კლასიკური ფონდანტით მანიპულირება და ფორმების მიცემა უფრო მარტივია. თუმცა, ამ რეცეპტით მოცემული ფონდანტი გაცილებით უფრო გემრიელია და ძალიან უხდება ნამცხვარს. გაითვალისწინეთ, რომ, კლასიკური ფონდანტისგან განსხვავებით,  ამ ფონდანტით ფიგურების გაკეთება არ არის რეკომენდებული, გირჩევთ ფიგურები გამოჭრათ მხოლოდ სიბრტყეზე.

თავდაპირველად, საჭიროა სიროფის მომზადება. ქვაბში ჩაყარეთ დაახლოებით 120 გრ. შაქარი და დაამატეთ 60-70 მლ წყალი. დადგით საშუალო ცეცხლზე და მუდმივად ურიეთ. შაქარი რომ მთლიანად გადნება, შემდეგ პერიოდულად მოურიეთ. სიროფი დაიწყებს ადუღებას. მთლიანი მასა რომ დავა საშუალოდ 150 მლ.-მდე, შეგიძლიათ გადმოდგათ ცეცხლიდან. გააგრილეთ სიროფი ოთახის ტემპერატურამდე (შეგიძლიათ წინა დღეს გააკეთოთ სიროფი).

მარგარინს (არ გამოიყენოთ კარაქი, თორემ ფონდანტი ძალიან ნაზი გამოვა და ადვილად დადნება) დაუმატეთ სიროფი, ვანილი და მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე გათქვიფეთ 3-4 წუთის განმავლობაში. შემდეგ, თანდათან შეურიეთ შაქრის პუდრა. როდესაც მიქსერით გაგიჭირდებათ მორევა, შემდეგ უკვე ხელით მოზილეთ. შესაძლოა დაგჭირდეთ მეტი შაქრის პუდრის დამატება. ფონდანტი უნდა გამოვიდეს სქელი და შედარებით მყარი ცომივით. რომ მორჩებით მოზელვას, შეახვიეთ ცელოფანში და შედგით მაცივარში (კლასიკური რეცეპტით მომზადებულ ფონდანტს არ ჭირდება მაცივარში შენახვა, ისიც ჰერმეტულად, ცელოფანში უნდა გამოკრათ და შეინახოთ გრილ და მშრალ ადგილას).

როდესაც გადაწყვითავთ ფონდანტის გამოყენებას, ცოტა ხნით გამოიღეთ მაცივრიდან, რომ ოდნავ დარბილდეს. ხელით დაამუშავეთ ფონდანტი - თუ ფონდანტი ძალიან რბილია, შეგიძლიათ კიდევ დაამატოთ შაქრის პუდრა. 

თითოეული დეტალისთვის, ფონდანტი შეგიძლიათ შეღებოთ საკონდიტრო საღებავით. თუ თხევადი საღებავი გაქვთ, რამდენიმე წვეთი საკმარისია. თუ ფხვნილი გაქვთ, სულ რამდენიმე წვეთი წყალი დაამატეთ, რომ შედარებით ბლანტი მასა გამოვიდეს და შემდეგ ისე გაურიეთ ფონდანტს და მოზილეთ.

გაბრტყელების დროს, გამოიყენეთ შაქრის პუდრა, როგორც ცომის გაბრტყელების დროს იყენებთ ფქვილს. მშრალ და სუფთა ზედაპირზე მოაყარეთ შაქრის პუდრა. ცომის საბრტყელებელი უნდა იყოს პრიალა ზედაპირიანი (უმჯობესია ხის საბრტყელებელი არ გამოიყენოთ, ან ხშირად წაუსვით შაქრის პუდრა, რომ ზედ არ მიეკრას ფონდანტი).

თუ გსურთ, რომ ფონდანტი ტორტს გადააკრათ, საჭიროა, რომ ტორტს გარედან ესვას კრემი. ასევე, ფონდანტი ძალიან არ უნდა გააბრტყელოთ (მაქსიმუმ 0.5 სმ-მდე), თორემ გაგიჭირდებათ ზედაპირიდან აღება და შემდეგ ტორტზე გადაფარება. ფონდანტი ფრთხილად გადააფარეთ ტორტს - ქვემოთ არ დაქაჩოთ, პირიქით, ქვემოდან ზემოთ შემოუკეცეთ გვერდები. შემდეგ ხელით ან ფონდანტის გასასწორებელი ხელსაწყოთი შეასწორეთ ფორმები. ქვემოთ მორჩენილი ზედმეტი ნაწილები შეგიძლიათ შემოაჭრათ პიცის საჭრელით, ან დანით.

შემდეგ, ზემოდან თუ გადაწყვოთავთ ფონდანტის დეკორაციების დამაგრებას, დეკორაციას ქვემოდან წაუსვით ოდნავ დასველებული ფუნჯი და ისე დააკარით ფონდანტს.

სურათებში მოცემულია ალუბლის ხე და ჭიამაია მწვანე ფონზე, რომელიც ზემოთ მოცემული რეცეპტით არის მომზადებული.

თავდაპირველად დაამაგრეთ ხის ტანი. შემდეგ დანით დაჭერით სხვადასვა ზომის ტოტები (თუ შედარებით დიდ ტორტზე აკეთებთ დეკორაციას, მასშტაბებიც მეტი გექნებათ, მოცემული ტორტი არის პატარა,  მხოლოდ 2 კვერცხისგან მომზადებული). ტოტების შემდეგ ჯერი უკვე ყვავილებზე დგება. ამ შემთხვევაში გირჩევთ ფონდანტის საჭრელ ფორმებს, რადგან თუ მხატვარი ან მოქანდაკე არ ხართ, შესაძლოა გაგიჭირდეთ სიმეტრიული ფორმების ხელით გამოჭრა. საჭრელი ფორმით ჯერ გამოჭრით ყვავილს, შემდეგ ზემოდან, ზამბარიან თავსახურს დააწვებით და ყვავილი გარეთ გამოვა. ყვავილებს რომ დაამაგრებთ ტოტებზე, შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ ყვავილის გულები.

ჭიამაიასთვის, გამოჭერით მრგვალი ფორმის ფონდანტი და ამოჭერით სამკუთხედი. ამ სამკუთხედის ღიობს, ქვემოდან ამოუდეთ შავი ფერის ფონდანტი. სამკუთხედის მოპირდაპირე მხარეს, დანით გამოყავით თავის ნაწილი. შემდეგ უკვე პატარა წრეები გამოჭერით და დაამაგრეთ ჭიამაიას ფრთებზე. თავზე კი დააწებეთ თეთრი თვალები და ფუნჯით დასვით შავი ფერის თვალები. გამზადებული ჭიამაია დადეთ ტორტზე, არ დაგავიწყდეთ, ქვემოდან  ოდნავ სველი ფუნჯი მოუსვით და ისე დააკარით ტორტის ზედაპირზე.

მორჩენილი ფონდანტი ისევ გამოკარით ცელოფნის პარკში და მაცივარში შეინახეთ.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli