რატატუი (Ratatouille)
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

რატატუი ფრანგული კერძია და ჩვენებურ აჯაფსანდალს ოდნავ წააგავს, თუმცა მინდა გაგიზიაროთ ჩემეული ვარიანტი, რომელიც ოდნავ განსხვავდება რატატუის კლასიკური რეცეპტისგან.

დაჭერით ბადრიჯანი და ყაბახი მრგვალ ნაჭრებად, ნაჭრები არც ძალიან თხელი არ უნდა იყოს და არც ძალიან სქელი. მოაყარეთ მარილი და დადგით ცალკე ჯამში, სანამ სხვა ბოსტნეულს მიხედავთ. დაჭერით ბულგარული წიწაკა ასევე მრგვალ ნაჭრებად. ხახვიც ასევე დაჭერით მრგვალ ნაჭრებად და შემდეგ გააცალკევეთ შიდა შრეები - ხახვი შეგიძლიათ ოდნავ მსხვილად დაჭრათ, ვიდრე სხვა დანარჩენი ბოსტნეული. სტაფილო დაჭერით სქელ ჯოხებად.

დადგით ღრმა, მძიმე ტაფა მაღალ ცეცხლზე. მოასხით გაუფილტრავი ზეითუნის ზეთი, დაახლოებით 2-3 ს.კ. კარგად რომ გახურდება ჯერ მოაყარეთ დაჭრილი ნიორი, რამდენიმე წამის განმავლობაში მოურიეთ და შემდეგ დაამატეთ ყაბაყის და ბადრიჯნის ნაჭრები თანდათან, ისე, რომ ყველა ნაჭერი ამოისვაროს ზეთში. ასევე დაამატეთ დაჭრილი ხახვის მხოლოდ 1/3, ბულგარული წიწაკა და ცოცხალი ბაზილიკის რამდენიმე ფოთოლი. თუ ნაჭრები მშრალია, შეგიძლიათ ზემოდან მოასხათ ზეითუნის ზეთი და ისევ განაგრძოთ ფრთხილად მორევა, რომ ნაჭრებს ფორმა შეუნარშუნდეს. ჩაშუშეთ ბოსტნეული 4-5 წუთის განმავლობაში მაღალ ცეცხლზე და გადმოიღეთ ცალკე ჯამში. იგივე ტაფა დააბრუნეთ ცეცხლზე, მოასხით ზეითუნის ზეთი 2-3 ს.კ., კარგად რომ გახურდება, ჯერ მოაყარეთ ისევ დაჭრილი ნიორი და რამდენიმე წამის შემდეგ ერთიანად დაამატეთ დარჩენილი ხახვი, სტაფილო, დაჭრილი ზეთისხილი და ჩერი პამიდორი. მაღალ ცეცხლზე გააჩერეთ 3-4 წუთის განმავლობაში და პერიოდულად ფრთხილად მოურიეთ, ან ტაფა შეარხიეთ. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით არ გასკდეს ჩერი პამიდორი. გადმოიღეთ ბოსტნეული სხვა ჯამში და ტაფა დააბრუნეთ ცეცხლზე.

მოასხით 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი. ჯერ დაყარეთ დაჭრილი ნიორი და შემდეგ დაასხით ქილის დაჭრილი პამიდორი. კარგად მოურიეთ. დაამატეთ დაჭრილი ბაზილიკის ფოთლები და დაჭრილი ქონდარი. მოაყარეთ ორეგანო და პროვანსის ბალახები. თუ ცოცხალი ბაზილიკი არ გაქვთ, შეცვალეთ ხმელი ბაზილიკით - 1 ჩ.კ. ჩაუწიეთ ცეცხლს. მოაყარეთ მარილი და პილპილი და გააჩერეთ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. თუ ქილის პამიდორის მაგივრად ცოცხალ პამიდორს გამოიყენებთ, აუცილებლად გააცალეთ კანი და ჩაშუშეთ 20 წუთის განმავლობაში, რადგან ცოცხალი პამიდორი გაცილებით წვნიანია, ხოლო სოუსი შედარებით კონცეტრირებული უნდა გამოვიდეს.

ცეცხლგამძლე კერამიკის ჭურჭელში (ძალიან უხდება მრგვალი ფორმა), მოასხით ჯერ პამიდორის სოუსი, დააწყვეთ ხახვი, სტაფილო და ზეთის ხილი და მოაყარეთ ცოტა მარილი. შემდეგ, ზემოდან, წრიულად, ერთმანეთის მონაცვლეობით დააწყვეთ ბადრიჯანი, ყაბაყი, ბულგარული წიწაკა, ცოცხალი პამიდორი, ხახვი. ალაგ-ალაგ ჩაამატეთ სტაფილოს ჯოხები და ზეთისხილი. ზემოდან დააწყვეთ ჩერი პამიდორი. კერძს მოაყარეთ მარილი, პილპილი და ხმელი ბაზილიკი. ზემოდან მოასხით სულ ცოტა ზეითუნის ზეთიც (დაახლ. 1 ჩ.კ.).

შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ 205C-ზე 25 წუთის განმავლობაში.

თუ გსურთ კერძი ორიგინალურად მიართვათ, შეგიძლიათ გააკეთოთ ყველის კალათა. დადგით ტაფა საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე. ტაფა რომ გახურდება, მოაყარეთ გახეხილი პარმეზანის ყველი, კიდეებში შედარებით ნაკლები. გააჩერეთ ცეცხლზე რამდენიმე წუთი. შემდეგ სამზარეულოს პინცეტით, კიდეები ფრთხილად ასწიეთ და რომ დარწმუნდებით, რომ შესაძლებელია მთლიანი მასის აღება, ბრტყელი ხის სპატულით აიღეთ და ფრთხილად გადმოაპირქვავეთ მგალითად შუში ქილის ძირზე, ან გამოიყენეთ ნებისმიერი შუშის ჭურჭლის ძირი, იმის მიხედვით, თუ რა სიგანის გსურთ იყოს კალათა. შეგიძლიათ ხელით ფორმა მისცეთ კალათის კედლებს, ოღონდ გაითვალისწინეთ, შესაძლოა ყველი ცხელი იყოს.

კონკრეტულ შემთხვევაში ყველი ძალიან ცხიმიანი იყო, ამიტომ ძირი ადვილად გაიხა, თუმცა მაინც მოვახერხე გამოყენება. ყველი რომ გაგრილდება, ფრთხილად მოხსენით ქილიდან

რატატუი მორთეთ ცოცხალი ბაზილიკის ფოთლებით და ისე მიართვით სუფრასთან - შესანიშნავი სააზაფხულო კერძი პროვანსის განსაკუთრებული არომატებით.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli