რიზოტო ქათმით და სოკოთი - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

რიზოტო იტალიური კერძია, რომელსაც ამზადებენ ბრინჯისგან, ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონთან ერთად. რა თქმა უნდა, იტალიური სამზარეულო ძალიან მრავალფეროვანია და რიზოტოს სხვადასხვა რეცეპტი არსებობს. დღეს შემოგთავაზებთ რიზოტოს ქათამთან და სოკოსთან ერთად.

გირჩევთ წინასწარ მოამზადოთ ყველა ინგრედიენტი - დაჭერით ხახვი, ნიორი, სოკო და ქათმის ხორცი. გარეცხეთ და საწურზე გადაწურეთ ბრინჯი. ჩამოასხით თეთრი მშრალი ღვინო ჭიქაში.

ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე. რომ გახურდება, ქვაბში ჩააგდეთ კარაქის ნაჭერი და დაამატეთ ზეითუნის ზეთი - ამ შემთხვევაში კარაქი არ დაიწვება. ქათმის დაჭრილ ნაჭრებს მოაყარეთ მარილი და პილპილი და ჩაყარეთ ქვაბში, კარგად მოურიეთ ხის კოვზით. ჩაშუშეთ 2-3 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ხახვი, დაჭრილი ნიორი და სოკო.  კარგად მოურიეთ და ცეცხლს მაქსიმალურად დაბალ დონეზე ჩაუწიეთ და ისე ჩაშუშეთ 10-12 წუთის განმავლობაში, პერიოდულად მოურიეთ. ამ პროცესს იტალიურად სოფრიტო (soffritto - ნიშნავს ბოსტნეულის ჩაშუშულს), როდესაც ბოსტნეული დაბალ ტემპერატურაზე იშუშება შედარებით დიდხანს. შედეგად, კერძს უფრო გაუჯდება ბოსტნეულის არომატი. იგივე მეთოდი ბევრ იტალიურ რეცეპტში შეგხვდებათ. 

ამასობაში გააცხელეთ ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი. გამოუვალ მდგომარეობაში, შეგიძლიათ შეცვალოთ ადუღებული წყლით, თუმცა კერძი ისეთი არომატული არ გამოვა, როგორც ბულიონით.

როდესაც მორჩებით ჩაშუშვას, ქვაბში დაამატეთ გადაწურული ბრინჯი და ცეცხლს აუწიეთ საშუალო დონემდე. ბრინჯის მარცვალი უნდა იყოს მოკლე და მომრგვალო ფორმის, გრძელი მარცვალი რიზოტოსთვის არ გამოგადგებათ. კარგად მოურიეთ რომ ბრინჯი არ მიეკრას ქვაბის ძირს. ჩაშუშეთ 2-3 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ ღვინო და კარგად მოურიეთ. სამზარეულოში ისეთი სუნი დადგება, რომ სტუმრებს ვერ შეაკავებთ - თუმცა რიზოტოს ცოტა დრო კიდევ ჭირდება. ხის კოვზით ურიეთ - მასა უკვე კრემოვანი გახდება. დაამატეთ მარილი და პილპილი. პილპილი ძალიან უხდება, ამიტომ თამამად შეგიძლიათ დაამატოთ ჩვეულებრივზე ოდნავ მეტი. როდესაც კარგად გაუჯდება ღვინო ბრინჯს და ალკოჰოლის დიდი ნაწილი აორთქლდება, დაამატეთ ბულიონის 1/3 და კარგად მოურიეთ. გააჩერეთ ცეცხლზე რამდენიმე წუთი და თან პერიოდულად ურიეთ, მერე ისევ დაამატეთ ბულიონის შემდეგი 1/3, კარგად მოურიეთ, გააჩერეთ ცეცხლზე 3-4 წუთი და ა.შ., სანამ არ გამოგელევათ ბულიონი. ბულიონის დამატებიდან, მთლიანი პროცესი დაახლოებით 15 წუთი უნდა გაგრძელდეს. თუ ხედავთ, რომ ბრინჯი სწრაფად შრება, ჩაუწიეთ ოდნავ ცეცხლს. თუ ბულიონი გაგითავდებათ და ბრინჯი შრება, დაამატეთ ადუღებული წყალი. ფრთხილად იყვაით, რომ წყალი ბევრი არ მოგივიდეთ, თორემ ბალანსი დაირღვევა და კერძს ის არომატი არ ექნება, რასაჭიროა.

უნდა მიიღოთ კრემოვანი მასა. როდესაც ბრინჯი მოიხარშება, რიზოტო მზად არის.

ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ გახეხილი პარმეზანის ყველი (ეს ის შემთხვევაა, როდესაც არ გირჩევთ პარმეზანის მაგივრად სხვა ყველი გამოიყენოთ), კარგად მოურიეთ, დააფარეთ თავსახური ქვაბს და გააჩერეთ 2-3 წუთი. ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია კერძის დასრულებისთვის.

თეფშზე ამოიღეთ, მორთეთ მწვანილით ან სალათის ფურცლებით და ისე მიართვით სუფრასთან (ფოტოში გამოყენებულია რუკოლას სალათის ფურცლები).

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli