სალათი ლეღვით და მაყვლით
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

სალათი ლეღვით და მაყვლით განკუთვნილია შედარებით თამამი გურმანებისთვის, ვისაც უყვარს ახალი და არა-ტრადიციული გემოების დაგემოვნება. ამ სალათის იდეა მაშინ მომივიდა, როდესაც ერთდროულად ვიყიდე რუკოლა, ლეღვი და შავი მაყვალი. მომზადებაც ძალიან მარტივია და დიდ დროს არ მოითხოვს.

გარეცხეთ რუკოლას ფოთლები და გადაჭერით შუაზე, რომ ჩანგლით გრძელი ფოთლების აღება არ გაგიჭირდეთ.

გაფრცქვენით ორივე ლეღვი და ოთხად გაჭერით თითოეული.დაჭერით ყველი პატარა კუბიკებად. ლეღვი, მაყვალი და დაჭრილი ყველი ფრთხილად აურიეთ დაჭრილ რუკოლას, ისე, რომ არ გასრისოთ არც ლეღვი და არც მაყვალი.

მოამზადეთ კრუტონები: გაჭერით ნიორის კბილი შუაზე და გაჭრილი მხრიდან წაუსვით პურის ნაჭერს, ორივე მხარეს. შემდეგ პურის ნაჭერი დაჭერით პატარა კუბიკებად. გაახურეთ ტაფა საშუალო ცეცხლზე და დაყარეთ ზედ პურის კუბიკები. პერიოდულად არხიეთ ტაფა და ისე გადმოაბრუნეთ პურის ნაჭრები. როდესაც პური კარგად გაიხუხება, ტაფაზე მოასხით ზეითუნის ზეთი, დაამატეთ შუაზე გაჭრილი ნიორის კბილი და ისე განაგრძეთ ტაფის რხევა, სანამ ცხიმი ყველა ნაჭერს არ მოედება. როდესაც პურის ნაჭრები ოდნავ დაიბრაწება, შეგიძლიათ გადმოიღოთ ცეცხლიდან. როდესაც კრუტონები ოდნავ გაგრილდება, შეგიძლიათ დაამატოთ სალათს.

შემდეგ სალათს მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, და მოასხით კონცენტრირებული ბალზამიკოს სოუსი, ასევე გემოვნებით.

რუკოლას ფოთლების მწარე გემოს ანეიტრალებს ლეღვის ტკბილი და მაყვლის მოტკბო მომჟაო გემო, რასაც ძალიან უხდება ნივრიანი კრუტონები და ყველი.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli

სალათი ლეღვით და მაყვლით - გემრიელი რეცეპტები