საშობაო ორცხობილები - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ჩადეთ ჯამში, დაამატეთ შაქარი და მიქსერით აურიეთ მაღალ სიჩქარეზე მანამ, სანამ თანაბრად არ გადანაწილდება შაქარი. დაამატეთ კვერცხი და განაგრძეთ მორევა. დაამატეთ რძე და ნახევარი ფორთოხლისგან გამოწურული წვენი და ისევ კარგად მოურიეთ.

ცალკე ჯამში ერთად აურიეთ ფქვილი, დარიჩინი, ჯანჯაფილი, მიხაკი, მუსკატი და სოდა. თანდათან დაამატეთ ფქვილის ნარევი კარაქის ნარევს. როდესაც მიქსერით მორევა რთული გახდება, განაგრძეთ ხელით. როდესაც ცომი შეიკვრება (მაგარი ცომი არ უნდა გამოვიდეს), ფქვილი აღარ დაამატოთ. შეახვიეთ ცომი ცელოფნის პარკში და შედგით მაცივარში მინიმუმ 1 საათით, შეგიძლიათ გააჩეროთ 1 კვირაც.

შეგიძლიათ გამოაცხოთ შიგთავსის გარეშეც, ამ შემთხვევაში ცომში მეტი შაქარი დაგჭირდებათ (200 გრ.). შიგთავსის მოსამზადებლად, პატარა ჯამში, კოვზით აურიეთ ყველა ინგრედიენტი მანამ, სანამ თანაბრად არ გადანაწილდება კვერცხის ცილა. თუ ძალიან მშრალი გამოვა, შეგიძლიათ დააწვეთოთ ფორთოხლის წვენი.

გაახურეთ ღუმელი 180 C-მდე

გააბრტყელეთ ცომი რაც შეიძლება თხლად (თავდაპირველად ცომის მცირე ნაწილით სინჯეთ, რომ შეძლოთ ფორმებით ცომის გამოჭრა). გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ფორმა მინიმუმ 2-ჯერ უნდა გამოჭრათ. ერთი ნაწილი ქვემოთ მოექცევა, ზედ დაადეთ შიგთავსი ჩაის კოვზით და ზემოდან დააფარეთ ისევ იგივე ფორმით გამოჭრილი ცომი.

საცხობ ქაღალდზე დააწყვეთ ორცხობილის ნაჭრები და გამოაცხვეთ ღუმელში დაახლოებით 15-18 წუთის განმავლობაში (დამოკიდებულია ცომის სისქეზე). როგორც კი გვერდები ფერს იცვლის და დაიბრაწება, გამოიღეთ ღუმელიდან და გააგრილეთ.

ამასობაში, თუ ფონდანტი გაქვთ, გააბრტყელეთ და გამოჭერით იგივე ფორმებით. შემდეგ, ფონდანტის ნაჭრებს ფუნჯით ცაუსვით ცოტა წყალი და ისე დააწებეთ გაგრილებულ ორცხობილებზე. შემდეგ თქვენი სურვილისამებრ მორთეთ ორცხობილები.

თუ გამზადებული საკონდიტრო მოსართავები არ გაქვთ, მაშინ იხელმძღვანელეთ შემდეგი რიეცეპტით:

2 კვერცხის ცილას დაამატეთ მარილი (დანის წვერზე რაც დაეტევა) და მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე გათქვიფეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ, თანდათან გაურიეთ შაქრის პუდრი და განაგრძეთ მაღალ სიჩქარეზე მორევა მანამ, სანამ მასა შედარებით მყარი არ გახდება - დაგჭირდებათ დაახლოებით 300 - 350 გრ. შაქრის პუდრი. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ვანილი და/ან ლიმონის რამდენიმე წვეთი. შემდეგ სხვადასხვა ჯამებში გადაანაწილეთ და თითოეულ ჯამი შეღებეთ თქვენთვის სასურველ ფერებად საკონდიტრო საღებავით. ასევე, შეგიძლიათ თეთრი ფერით მორთოთ ორცხობილები და ზედ დააყაროთ ფერად-ფერადი კანფეტები სანამ მასა გაშრება ორცხობილაზე.

შეგიძლიათ ორცხობილას ზემოდან თხლად წაუსვათ თაფლი ან შაქრის სიროფი და ისე დააყაროთ ფერად-ფერადი კანფეტები.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli