საცივი - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

საცივის რეცეპტი საქართველოს ყველა ოჯახში მოიძებნება ალბათ, თუმცა ინტერნეტში ამ მხრივ არც-თუ ისე ვართ განებივრებული. ამიტომ, გადავწვყვიტე დედაჩემის რეცეპტი გაგიზიაროთ.

გირჩევთ ქათამი ან ინდაური, წინა დღით მოხარშოთ. ან საცივის გაკეთება მაშინ დაიწყეთ, როდესაც ნახარში გაგრილდება.

ხარშვის დროს, ნახარში რა ცხიმსაც მოიგდებს, ცალკე მოხადეთ და შეინახეთ, რადგან ნაწილი საცივის მომზადების დროს დაგჭირდებათ, ხოლო დანარჩენი შეგიძლიათ გადაღვაროთ, ან სხვა კერძებისთვის გამოიყენოთ. სხვა შემთხვევაში საცივი ძალიან ცხიმიანი გამოვა.

მოხდილ ცხიმში (დაახლ. 2 ან 3 ს.კ.) ჩაშუშეთ დაჭრილი ხახვი, საშუალო ცეცხლზე - გაითვალისწინეთ, რომ ხახვი არ უნდა დაიბრაწოს და ყავისფერი არსად არ უნდა გამოერიოს. როდესაც ჩაიშუშება ხახვი, დაამატეთ ნახარში იმდენი, რომ დაფაროს ხახვი და გააგრძელეთ ჩაშუშვა 10 წუთის განმავლობაში, საშუალო ცეცხლზე. რომ წამოდუღდება, გამორთეთ.

ამასობაში, ბლენდერში ან კომბაინში აურიეთ შემდეგი ინგრედიენტები: გატარებული ნიგოზი (250 გრ.), უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, დარიჩინი, მიხაკი, მუსკატი (მუსკატის კაკალი თუ გაქვთ, ჩამოხეხეთ წვრილ სახეხზე და ძალიან ცოტა გამოიყენეთ, კოვზის წვერზე რაც დაეტევა), ყვითელი ყვავილი, კვერცხი, ფქვილი, დაჭრილი ნიორი და მარილი. დაამატეთ ჩაშუშული ხახვის მასა ნახარშიანად (გაითვალისწინეთ, რომ ხახვის მასა არ იყოს ცხელი, თორემ კვერცხი აიჭრება). დააბლენდერეთ მასა საშუალოდ 2 წუთის განმავლობაში, ან მანამ, სანამ მასა არ გაღიავდება და “საცივის თეთრი” ფერის არ გახდება.

დიდ ემალის ქვაბში (არ გამოიყენოთ ალუმინის ქვაბი, თორემ საცივი გამუქდება) ჩაასხით დაახლოებით 1.5 ლ ნახარში. დაამატეთ დაბლენდერებული მასა და ხის კოვზით მოურიეთ. დადგით საშუალო ცეცხლზე და ხის კოვზით მუდმივად ურიეთ. დარჩენილი ნიგოზი ჩაყარეთ ისევ ბლენდერში, დაამატეთ ქვაბიდან ნახარში (სადაც ნიგოზის მასა უკვე აურიეთ) და დააბლენდერეთ საშუალოდ 2 წუთის განმავლობაში - ამჯერად, მასა კიდევ უფრო ღია გამოვა და როდესაც დაამატებთ ქვაბში არსებულ მასას, მთლიანი მასა კიდევ უფრო გაღიავდება. გასინჯეთ, თუ მარილი აკლია, დაამატეთ. მნიშვნელოვანია, რომ ურიოთ ხის კოვზით, რომ არ მიიკრას ქვაბის ძირზე. დაამატეთ დაფნის ფოთლები. როდესაც უკვე საცივი დუღილის პირას მივა (ჯერ არ უნდა იყოს ადუღებული), დაამატეთ თეთრი ძმარი და განაგრძეთ მორევა, საცივი რომ ადუღდება, გამორთეთ და გააგრილეთ. ამ დროისთვის საცივის გემოს კარგად ვერ მიხვდებით - ამიტომ თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ რომელიმე ინგრედიენტი აკლია, არ დაამატოთ! განსაკუთრებით ძმარი - გირჩევთ გამოიყენოთ მხოლოდ 1 ს.კ. მოცემული პროპორციებისთვის. როდესაც საცივი გაგრილდება, ჩააწყვეთ ხორცის ნაჭრები.  გაგრილების შემდეგ, თუ საცივი ძალიან სქელი გახდება, შეგიძლიათ დაამატოთ სუფთა ნახარში. სასურველია საცივი მიირთვათ მეორე დღეს, რადგან ყველა ინგრედიენტის გემო კარგად გაუჯდება.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!!!