სპაგეტი ბოლონეზის სოუსით - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

გაახურეთ ღრმა და განიერი ტაფა საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე და მოასხით ზეითუნის ზეთი. ჩაშუშეთ დაჭრილი ხახვი. ხახვი რომ ფერს იცვლის, დაამატეთ ხორცის ფარში და ხის კოვზით დაანაწევრეთ კოშტები. ჩაშუშეთ 3-4 წუთის განმავლობაში და პერიოდულად მოურიეთ, თუ საჭიროა კოშტებიც გაშალეთ. დაამატეთ დაჭრილი/დაჭყლეტილი ნიორი და დაჭრილი სოკო. ჩაშუშეთ 2 წუთის განმავლობაში და შემდეგ დაამატეთ ღვინო - კარგად მოურიეთ და განაგრძეთ ჩაშუშვა. 2 წუთის შემდეგ ცეცხლს ოდნავ ჩაუწიეთ და განაგრძეთ ჩაშუშვა კიდევ 5 წუთით. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ტაფა უნდა იყოს თავდახურული.  შემდეგ, ტაფის ცენტრში გააკეთეთ ღრმული, ისე, რომ ტაფის ძირი ჩანდეს.  ამ სიცარიელეში ჩადეთ ტომატის პასტა და ხის კოვზით იქვე მოურიეთ, რომ ოდნავ ჩაიშუშოს. შემდეგ, თანაბრად გადაანაწილეთ მთლიანად ხორცის მასაზე. 2 წუთის შემდეგ დაამატეთ ქილის პამიდორი (კანგაცლილი და დაჭყლეტილი) და კარგად მოურიეთ. დაამატეთ ორეგანო, პილპილი და მარილი და ცეცხლზე გააჩერეთ კიდევ 3-4 წუთი.

ამასობაში, ქვაბში აადუღეთ წყალი. ადუღების შემდეგ დაამატეთ დაახლ. 1/2 ს.კ. ზღვის მარილი და კარგად მოურიეთ. მოხარშეთ სპაგეტი - დაახლოებით 8-12 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ წყალი ქვაბიდან, სპაგეტის დაამატეთ 1 ს.კ. ზეთი და კარგად მოურიეთ, ცეცხლზე გააჩერეთ კიდევ 1 წუთი და გამორთეთ.

გაითვალისწინეთ, რომ სპაგეტის ემატება სოუსი და ყველი, ამიტომ სპაგეტი ბევრი არ უნდა მოგივიდეთ, თორე კერძი ისედაც ნოყიერია და გაგიჭირდებათ ბევრის ჭამა. 2-3 ადამიანისთვის შეგიძლიათ მოხარშოთ იმის 1/2, რაც ჩაგეტევათ ცერა თითსა და საჩვენებელი თითით გაკეთებულ წრეში





თეფშზე, გადმოიღეთ ჯერ სპაგეტი, მოასხით ბოლონეზის სოუსი და ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი. მირთმევის დროს, ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და გემრიელად მიირთვით :)

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli