სუშის ხვეული ორაგულით (როლები) გემრიელი რეცეპტები

 

მომზადება

რეცეპტით მზადდება 4 როლი, რაც ვფიქრობ საკმარისია 4 ადამიანისთვის, თუმცა თუ თქვენც ჩემსავით გიყვართ სუში, მაშინ შეამცირეთ ზემოთ მოყვანილი ადამიანთა რაოდენობა :))

სუშისთვის დაგჭირდებათ მოკლე ზომის ბრინჯი, ასევე იყიდება სპეციალურად სუშის ბრინჯი, თუმცა ნებისმიერი, მოკლზე ზომის ბრინჯიც გამოდგება (არ გამოიყენოთ გრძელი ზომის ბრინჯი). გარეცხეთ ბრინჯი კარგად და გადაწურეთ. რამდენ გრამ ბრინჯსაც აიღებთ, იმდენივე მლ. წყალი უნდა დაამატოთ მოსახარშად. ჩვენს შემთხვევაში, 240 გრ. ბრინჯს დაამატეთ 240 მლ. წყალი და დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე. თუ წყალი მალე დაშრება და ბრინჯი ჯერ მოხარშული არ არის, შეგიძლიათ დაამატოთ წყალი და ცეცხლს ჩაუწიოთ.

როდესაც ბრინჯი მოიხარშება, გადაიღეთ ბრინჯი ჯამში. თუ ქვაბში კიდევ არის წყალი, ჯერ გადაწურეთ ბრინჯი, და შემდეგ გადაიტანეთ ჯამში გასაგრილებლად.

ამასობაში პატარა ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, მარილი და ბრინჯის ძმარი. სუშისთვის აუცილებელია ბრინჯის ძმარი. თუ ვერ იშოვით, შეცვალეთ რაც შეიძლება ღია ფერის სუფთა ძმრით (ბრინჯის ძმარი ვიზუალურად წყალს გავს). დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე და მუდმივად ურიეთ კოვზით. როგორც კი შაქარი გაიხნსება, გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.

ნელ-თბილი ძმრის მასა შეურიეთ ნელ-თბილ ბრინჯს და კოვზით კარგად მოურიეთ, რომ თანაბრად განაწილდეს ძმრის მასა.

სუშის ხვეულისთვის, ან როგორც ჩვენში დამკვიდრდა ინგლისურად, როლისთვის, დაგჭირდებათ ნორის დრეკადი ფირფიტები. ნორის ფირფიტებს წყალმცენარეებისგან აკეთებენ და იაპონურ სამზარეულოში, სუშის გარდა, წვნიანებშიც იყენებენ. როგორც წესი, როლისთვის ცივ ბრინჯს იყენებენ, თუმცა გაგიზიარებთ ჩემეულ მეთოდს.

ნორზე გაშალეთ თხელ ფენად ნელ-თბილი ბრინჯის მასა, დასაწყისში ცოტა ადგილი დატოვეთ, ხოლო ბოლოკსენ უფრო მეტი ადგილი, როგორც ეს სურათზეა მოცემული. ნელ-თბილი მასა ნორსაც დაარბილებს და უფრო მარტივი გახდება მისი გადახვევა. ხშირად, როლის გადასახვევად იყენებენ ბამბუკის ჯოხებისგან დამზადებულ თეფშის ქვეშ დასაფენს, თუმცა ამ შემთხვევაში ხელითაც შეგიძლიათ გადაახვიოთ როლი.  ბრინჯი ნორზე შეგიძლიათ გადაანაწილოთ თითებით, ან პატარა ჩანგლით, როგორც მოგიხერხდებათ, რაც შეიძლება თხელ ფენად. შუაში, ან ცოტა უფრო თქვენსკენ, დააწყვეთ სიგრძეზე დაჭრილი უმი ორაგულის, კიტრის და სტაფილოს ნაჭრები, როგორც ეს სურათზეა მოცემული. შემდეგ, გადაკეცეთ ნორი ისე, რომ ჯერ მხოლოდ ბრინჯი გაეხვეს, შემდეგ ხელით ფრთხილად გადაახვიეთ ბოლომდე ისე, რომ ორაგულის, კიტრის და სტაფილოს ნაჭრები ერთმანეთს არ დაშორდეს, რაც შეიძლება მჭიდროდ უნდა გადაახვიოთ, თუმცა თან ფრთხილად უნდა იყოთ, რომ არ გაიხეს ნორი. ბოლომდე რომ გადაახვევთ, დაგრჩებათ ნორის ნაწილი, რომელიც როლს შეგიძლიათ დააწებოთ წყლიანი თითებით გადმოაბრუნეთ როლი ისე, რომ გადაბმის ადგილი ძირში მოექცეს. შედგით მაცივარში რომ კარგად გაგრილდეს (დაახლ. 30-40 წუთით მაინც), შემდეგ გამოიღეთ და დაჭერით. როლი მიართვით სუფრასთან სოიოს სოუსთან, ვასაბისთან და ჯანჯაფილის მარინადთან ერთად.

ვასაბი მიიღება მცენარის ფესვისგან, რომელიც შედის კომბოსტოს და ბოლოკის მცენარეთა ოჯახში. ვასაბი ძალიან ცხარეა და მკვეთრი გემო აქვს. გირჩევთ როლი ჯერ ჩააწოთ სოიოს სოუსში და შემდეგ ოდნავ დაადოთ ვასაბის. ჯანჯაფილის მარინადი შეგიძლიათ თავადაც მოამზადოთ სახლში (გამოიყენეთ შაქარი და ბრინჯის ძმრის ნაზავი), ან იყიდოთ გამზადებული.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli