ტარხუნას ღვეზელი - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ღვეზელს ძალიან უხდება ახლად გაკეთებული ხაჭო, რომელიც თავად შეგიძლიათ მოამზადოთ. 200 გრ. ხაჭოს მისაღებად დაგჭირდებათ დაახლოებით 1 ლ. რძე. რძეს დაამატეთ 2 ს.კ.  25%-იანი ან უფრო ცხიმიანი ნაღები, კარგად მოურიეთ და დადგით საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე. დაამატეთ 2.5 ს.კ. თეთრი ძმარი და კარგად მოურიეთ. გააჩერეთ ცეცხლზე მანამ, სანამ რძე არ აიჭრება. გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ რამდენიმე წუთი და შემდეგ გადაწურეთ.

ღვეზელის შიგთავსის მოსამზადებლად კი გაახურეთ ტაფა, მოასხით ზეითუნის ზეთი და ჩაშუშეთ ხახვი და ნიორი, 2-3 წუთის განმავლობაში. დაამატეთ დაჭრილი ტარხუნდა და განაგრძეთ ჩაშუშვა კიდევ 3-4- წუთის განმავლობაში, საშუალო ცეცხლზე. დაამატეთ მარილი და პილპილი. გადმოდგით და გააგრილეთ.

გაახურეთ ღუმელი 210 C-მდე.

ჯამში ერთად აურიეთ ხაჭო, ტარხუნას მასა, გახეხილი ყველი და კვერცხი. კარგად მოურიეთ, რომ თანაბრად გადანაწილდეს ყველა ინგრედიენტი.

გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი 0.4 სმ სისქმდე - სულ დაგჭირდებათ 4 ფენა. ჩააფინეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში. ტარხუნას მასა გაყავით 3 ნაწილად. გადაანაწილეთ პირველი ნაწილი ცომზე, შემდეგ ზემოდან დააფარეთ კიდევ ერთი ფენა ცომი, შემდეგ გადაანაწილეთ ტარხუნას მეორე ნაწილი და ესე განაგრძეთ, სანამ მესამე ნაწილსაც არ დაადებთ ცომს. ბოლოს გადააფარეთ მეოთხე ფენა ცომიც და ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტა გახეხილი ყველი.

შედგით ღუმელში გამოსაცხობად 25-30 წუთით. როდესაც ზედაპირი დაიბრაწება, ღვეზელი მზად არის.

გამოიღეთ ფორმა, დადგით 10 წუთით და ამის შემდეგ მიართვით სუფრასთან.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli