ტირამისუ მარტივად - Tiramisu Veloce
გემრიელი რეცეპტები

 

მომზადება

ეს ტირამისუ მოვამზადე ჯეიმი ოლივერის წიგნის “ჯეიმის იტალია”-ს მიხედვით, რომელიც ჩემმა მეგობრებმა მაჩუქეს.

მართლაც ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება. ტირამისუს სხვადასხვა რეცეპტი მაქვს ნაცადი და მათაც მოგვიანებით გაგიზიარებთ.

იტალიურად, ტირამისუ თურმე ნიშნავს “ამიყვანე, ამიღე”- ს.

ჯეიმის რეცეპტის მიხედვით საჭიროა 4 ჩ.კ. შაქარი, თუმცა მე შაქრის პუდრას გირჩევთ, რადგან უფრო ადვილად გაიხსნება მასკარპონეში. ასევე, ჯეიმის რეცეპტში მოყვანილია ვინ სანტრო ან ტკბილი შერი - რადგან აქ ვერცერთი ვერ შევიძინე, შევცვალე კონიაკით, რომელიც ასევე ძალიან უხდება (დოზაც შესაბამისად სხვა არის, ვიდრე ტკბილი შერი).

დაახლოებით 3-4 სმ სიღრმის ჭურჭელში დააწყვეთ ქალის თითების ორცხობილა ერთ რიგად. მოხარშეთ ყავა (ესპრესოს მანქანა თუ გაქვთ, მოხარშეთ ესპრესო, თუ არადა, ხსნადი ყავაც შესაძლებელია - 1 ჭიქა ადუღებული წყალი + 2.5 ან 3 ჩ.კ. ხსნადი ყავა). ჯეიმის რეცეპტში მითითებულია, რომ 2 ჩ.კ. შაქარი გაურიოთ ყავაში, მაგრამ, რადგანაც ქალის თითების ორცხობილა ძალიან ტკბილია, გირჩევთ ყავაში შაქარი არ გაურიოთ. ზემოდან მოასხით ყავა ქალის თითების ორცხობილას. ორცხობილა ყავას მთლიანად შეიწოვს.

ამასობაში, მასკარპონეს აურიეთ შაქრის პუდრა და ვანილი და ხის კოვზით კარგად მოურიეთ. მასკარპონე არის იტალიური ყველი, რომელსაც დესერტებში იყენებენ. თავიდან ოდნავ მაგარი შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ როგორც კი შაქრის პუდრას შეურევთ და დაიწყებთ მორევას, მასა თანდათან დარბილდება. დაამატეთ 5 ჩ.კ. კონიაკი და კარგად მოურიეთ. ასევე დაამატეთ ფორთოხლისგან გამოწურული წვენი - 2 ს.კ. დანარჩენი წვენი მოასხით ქალის თითების ორცხობილას. სანამ ფორთოხლის წვენს დაამატებთ მასკარპონეს, შეამოწმეთ, ძალიან თხელი არ იყოს მასა. თუ მასა ძალიან თხელია, აღარ დაამატოთ ფორთოხლის წვენი. თუ პირიქით , ძალიან სქელია, შეგიძლიათ მეტი ფორთოხლის წვენი გაურიოთ.

შემდეგ, მასკარპონეს კრემი ზემოდან ფრთხილად წაუსვით ორცხობილას, რადგან ორცხობილა ძალიან დანამულია და შესაძლოა დაიშალოს. კრემს ზემოდან მოახარეთ გახეხილი შოკოლადი და ფორთოხლის ცედრა.

ტირამისუ შედგით მაცივარში (სასურველია 2-3 C-ზე) მინიმუმ 2 საათით. რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ მაცივარში (მაგალითად 8 საათი), მით უფრო კარგად გაუჭდება ყველა ინგრედიენტის გემო.