რეცეპტით მზადდება საშუალოდ 17-20 ორცხობილა
კარაქი (ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული) - 200 გრ.
შაქარი - 100 გრ.
ყავისფერი შაქარი - 180 გრ.
ვანილი
სოდა - 1 ჩ.კ. და თეთრი ძმარი
მარილი - 1.ჩ.კ.
კვერცხი - 2 ცალი
ფქვილი - დაახლოებით 300 გრ. (+/-)
200 გრ. შავი შოკოლადი
მომზადება
ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი გათქვიფეთ მიქსერით 1 წუთის განმავლობაში, შეურიეთ თეთრი და ყავისფერი შაქარი და გათქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე დაახლოებით 4-5 წუთის განმავლობაში. დაამატეთ კვერცხი და ისევ მაღალ სიჩქარეზე გათქვიფეთ 4-5 წუთის განმავლობაში - მასა უნდა გახდეს შედარებით ფაფუკი. დაამატეთ მარილი და ვანილი და მოურიეთ. ასევე დაამატეთ სოდა და ძმარი შემდეგნაირად: ჩაის კოვზით აიღეთ სოდა (თავმობმული არ უნდა იყოს), დაასხით ძალიან ცოტა ძმარი, რაც ააქაფებს სოდას. თუ კოვზზე მშრალი სოდა კიდევ დაგრჩებათ, სულ ცოტა ძმარი დაამატეთ. ფრთხილად იყავით, რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ ძმარი. კარგად მოურიეთ მიქსერით და შემდეგ გადართეთ დაბალ სიჩქარეზე. თანდათან შეურიეთ ფქვილი. მასა პურის ცომივით მაგარი არ უნდა გამოვიდეს. პირიქით, უფრო ფაფუკი და ჰაეროვანი უნდა იყოს. როდესაც მიქსერს საგრძნობლად გაუჭირდება მორევა, შეგიძლიათ ფქვილი აღარ დაამატოთ. შოკოლადი დაჭერით მოზრდილ ნატეხებად და ხის კოვზით, თანაბრად გადაანაწილეთ ცომში.
ღუმელი გაახურეთ 180 C-მდე.
საცხობ დაფაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, სუფრის კოვზით ამოიღეთ ცომი და ისე დააწყვეთ ქაღალდზე. ცხობის დროს მასა გაიშლება და ბრტყელი გახდება, ამიტომ სივრცე დატოვეთ გამოსაცხობ ორცხობილებს შორის. (იხ. სურათი - ზედა თაროზე მასამ გაშლა დაიწყო 2 წუთის შემდეგ, ქვედა თაროზე ახალი შედგმულია ორცხობილები).
გამოაცხვეთ საშუალოდ 20 წუთის განმავლობაში - თუ მანამდე დაიბრაწა შეგიძლიათ გამოღოთ, თუმცა ცხელი ორცხობილები არ აიღოთ, გააგრილეთ და მხოლოდ შემდეგ აიღეთ საცხობი ქაღალდიდან.
ბავშვებს ძალიან მოეწონებათ, შეგიძლიათ შესთავაზოთ ჭიქა რძესთან ერთად. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ძალიან ტკბილია და ბევრის მიღება არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის :)