შოკოლადის ფილა საკმაოდ გემრიელი იყო, თან გარეული ქონდა ცუკატები და მიუსლი; სიმართლე გითხრათ, ტრუფელებზე ცოტა გული გამიცრუვდა - მიუხედავად იმისა, რომ ტრუფელი და შაფრანი ძალიან კარგი კომბინაცია აღმოჩნდა ჩემთვის, თავად ტრუფელის გემო არ იყო ისეთი, როგორც საჭიროა. ახლო მომავალში შემოგთავაზებთ ტრუფელის რეცეპტს, იქნებ ფოკაშიც მივაწოდო, რომ სინჯონ განსხვავებული რეცეპტი :)
ძალიან მომეწონა მაწვნის შეფუთვა - თაფლის და ლავანდის ნაზავიც ძალიან გემრიელი იყო, თუმცა ჩემთვის ოდნავ უფრო ტკბილი იყო, ვისურვებდი ოდნავ უფრო მჟავე გემო შემორჩენოდა მაწონს. თუმცა ეს გემოვნების საკითხია და ასევე, ნაკლები სიტკბოთი და მეტი სიმჟავით, მაწონი ადვილად გაფუჭდებოდა, მაცივრის გარეშე.
ძალიან მომეწონა ყველი, რომლის სახელიც სამწუხაროდ არ მახსოვს, ხოლო ფოკიდან წამოღებული ბუკლეტი ჩემმა შვილმა გააქრო. ყველი განსაკუთრებით მოუხდა ლეღვს და თეთრ ღვინოს.
ზეთი საოცრად არომატული აღმოჩნდა. უფრო მეტად ნიორის არომატი დაკრავდა და თან საკმაოდ ცხარეც იყო. ეს ზეთი შეგიძლიათ სალათებისთვის გამოიყენოთ.
სუნელები მხოლოდ სუნით გამოვცადე და საკმაოდ კარგი სუნი აქვს, ვფიქრობ რაიმე კერძი მოვამზადო და გამოვიყენო.
ფოკაში და მიმდებარე ტერიტორიაზე, ხეს იშვიათად თუ წააწყდებით, თან, როგორც წესი, საკმაოდ გრილა. ამიტომ, თუ მანგლისს გამოივლით უკანა გზაზე (თუ თბილისში ბრუნდებით, მანგლისის გზას გამოივლით), შეუხვიეთ მანგლისში და იპოვეთ პატარა შემოღობილი პარკი, სადაც გემრიელი პიკნიკის გაშლაც შეგიძლიათ და ფოკას მონასტერში ნაყიდი გემრიელობების დაგემოვნებაც.