რეცეპტი გათვლილია 2-3 ადამიანზე:
საქონლის ხორცის ფარში - 600 გრ.
ხახვი - 1 ც. მოზრდილი ზომის
წითელი ლობიო (მოხარშული ან კონსერვი) - 4-5 ს.კ.
კვლიავის დაფქული თესლი (cumin) - 1 ჩ.კ.
პილპილი, პაპრიკა, ჩილი, მარილი - გემოვნებით
ზეითუნის ზეთი - 2 -3 ს.კ.
სალსას სოუსი - 3-4 ს.კ.
სალათის ფურცლები - 1 პატარა კონა
პამიდორი - 2 ც. დიდი ზომის
ყველი ჩედარი - გახეხილი, 3 მუჭა
არაჟანი - სურვილისამებრ
ტორტილასთვის
პურის ფქვილი - 1 ჭიქა
სიმინდის ფქვილი - 1/2 ჭიქა
კვერცხი - 1 ც.
მარილი - 1/2 ს.კ.
წყალი - 1/2 ჭიქა
ზეითუნის ზეთი - 3-4 ს.კ.
მომზადება
გაახურეთ ტაფა საშუალო ცეცხლზე, მოასხით ზეითუნის ზეთი და ჩაშუშეთ დაჭრილი ხახვი 2-3 წუთის განმავლობაში, პერიოდულად მოურიეთ. დაამატეთ საქონლის ხორცის ფარში და ხის კოვზით კარგად დაანაწევრეთ, რომ კოშტებად არ შეიკრას. ჩაშუშეთ თავდახურულ ტაფაზე 4-5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ ლობიო, კვლიავი (დაფქული კვლიავის თესლი - cumin), პილპილი, მარილი, ჩილის წიწაკა (სავალდებულო არ არის ცხარე თუ არ გიყვართ) და სალსას სოუსი (სალსას სოუსის შერჩევის დროსაც შეგიძლიათ შეარჩიოთ ნაკლებად ცხარე სოუსი, თუ ცხარე არ გიყვართ). კარგად მოურიეთ, გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 3-4 წუთი და გამორთეთ.
ტორტილას გასაკეთებლად, ჯამში აურიეთ პურის და სიმინდის ფქვილი, დაამატეთ კვერცხი და მარილი და კარგად მოურიეთ. თანდათან დაამატეთ წყალი. ცომი უნდა გამოვიდეს თხელი. თუ გსურთ, რომ ტორტილა შედარებით მაგარი გამოვიდეს, პროპორციები შეცვალეთ, სიმინდის ფქვილის მოცულობა გაზარდეთ ოდნავ, ხოლო პურის ფქვილის შეამცირეთ. ასევე, რაც უფრო თხელი იქნება ცომი, მით უფრო ხრაშუნა და მაგარი გამოვა ტორტილაც. თუმცა, სანამ ძალიან გაათხელებთ ცომს, საცდელად გამოაცხვეთ 1 ცალი, რომ იმის მიხედვით დაარეგულიროთ სისქეც.
გაახურეთ ტაფა საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე. მოასხით ცომი მშრალ ტაფაზე ისე, რომ გაკეთდეს თხელი ფენა. გააჩერეთ საშუალოდ 1 წუთი ერთ მხარეს, 1 წუთი მეორე მხარეს. როდესაც ტორტილას თეფშზე გადმოიღებთ გასაგრილებლად, შუაზე გადაკეცეთ.
როდესაც გამოაცხობთ ყველა ტორტილას და გაგრილდება, ტაფა ისევ გაახურეთ, მოასხით ცოტა ზეითუნის ზეთი და დაბრაწეთ გაკეცილი ტორტილა ორივე მხარეს, საშუალოდ ისევ 1-1 წუთი თითო მხარეს. შემდეგ დაბრაწული ტორტილა დადეთ სამზარეულოს ქაღალდზე, რათა ზედმეტი ცხიმები შეიწოვოს.
გაკეცილ ტორტილაში ჩადეთ საქონლის ხორცის ფარშის მასა, ზემოდან დააწყვეთ პამიდორი, დაჭრილი სალათის ფურცლები და გახეხილი ჩედარი, სურვილისამებრ ზემოდან დაადეთ 1 ჩ.კ. არაჟანიც.
გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli