პესტო
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

პესტო იტალიური საკაზმია, რომელსაც იყენებენ პასტას შესაკაზმად, ან თუნდაც ქათმის ხორცის შესაკმაზად შეწვის შემდეგ.. სახლშიც შეგიძლიათ მარტივად მოამზადოთ - ამისთვის დაგჭირდებათ ძლიერი ჩოპერი.

ბაზილიკის კონას ჩვენთან ძალიან იშვიათად თუ წააწყდებით, ამიტომ როგორც კი შევნიშნე, ვიყიდე რომ პესტო მომემზადებინა - სახლში მომზადებული პესტო შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ 1 კვირის განმავლობაში, დახურულ კონტეინერში. იტალიური რეცეპტის მიხედვით, საჭიროა ბაზილიკის ფოთლები, გირჩის გული, ყველი პეკორინო ან პარმეზანი, ნიორი და გაუფილტრავი ზეთი. თუმცა, შეგიძლიათ ცვლილებები შეიტანოთ და ბაზილიკის მაგივრად გამოიყენოთ მწვანე შაშკვლავის ფოთლები, გემო განსხვავდება, მაგრამ მაინც გემრიელი გამოდის. ასევე, გირჩის გული შეგიძლიათ მეტი გამოიყენოთ, მე უბრალოდ მეტი აღარ მქონდა დარჩენილი :) გირჩის გულის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ კანგაცლილი ნუში (იხილეთ მარციპანის რეცეპტი, თუ გსურთ ნახოთ, როგორ გააცალოთ ნუშს კანი მარტივად). ასევე, ყველი უნდა იყოს მშრალი და ცხიმიანი - შეგიძლიათ გამოიყენოთ პეკორინო ან პარმეზანი, ან ორივეს ნარევი, შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ მშრალი და ცხიმიანი ცხვრის ყველიც.

დაჭერით ბაზილიკის ფოთლები და ჩაყარეთ ჩოპერში. დაამატეთ გირჩის გული, დაჭრილი ნიორი და ზეითუნის ზეთი - დაახლოებით 5-6 ს.კ. დააქუცმაცეთ ჩოპერით, სანამ თქვენთვის სასურველ კონსისტენციას არ მიიღებთ. გასათხელებლად შეგიძლიათ დაამატოთ ზეითუნის ზეთი. მწვანე მასას შეურიეთ გახეხილი ყველი, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. გაითვალისწინეთ, რომ პესტო მარილიანი უნდა იყოს, რადგან კერძის შესაკაზმად იყენებთ, ამიტომ თამამად დაამატეთ მარილი, თუმცა ფრთხილად იყავით, რომ ძალიან მლაშეც არ მოგივიდეთ. თუ ფიქრობთ რომ მასა ისევ ძალიან სქელია დაამატეთ ზეითუნის ზეთი - მოცემულ რეცეპტში გამოვიყენე 8 ს.კ. ზეთი.

შეგიძლიათ პესტო გამოიყენოთ მომზადებისთანავე, ან შეინახოთ მაცივარში, მაქსიმუმ 1 კვირით, თავდახურულ კონტეინერში.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli