სახლში მომზადებული ტორტელინი ისპანახით
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

გიცდიათ სახლში იტალიური პასტას მომზადება? პასტას ბევრნაირი რეცეპტი არსებობს, თუმცა ძირითადი ინგრედიენტები არის ფქვილი, კვერცხი, ზეთი, მარილი და ცოტა წყალი. ჩვენც ადვილი რეცეპტით დავიწყოთ.

მშრალ ზედაპირზე დაყარეთ ფქვილი, ისე რომ გორაკის ფორმა მიიღოს. შუაში გააკეთეთ ღრმული. ღრმულში ჩაახალეთ კვერცხები, დაამატეთ ზეითუნის ზეთი, მარილი და წყალი და დაიწყეთ ფქვილში არევა. როდესაც უკვე რბილ ელასტიურ ცომს მიიღებთ, მოაშორეთ ზედმეტი ფქვილი (შესაძლოა ბოლომდე არ დაგჭირდეთ ფქვილის გამოყენება, ან პირიქით, მოგიწიოთ ფქვილის დამატება) და ცომი დაზილეთ 8-10 წუთის განმავლობაში (ეს ძალიან მნიშვნელოვანია). ცომი თანდათან კიდევ უფრო ელასტიური გახდება.

შემდეგ, მჭიდროდ გამოკარით ცელოფნის პარკში და შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 1 საათის განმავლობაში.

ამასობაში, მოვამზადოთ შიგთავსი. კარგად გარეცხეთ ისპანახის ფოთლები. გაახურეთ ტაფა საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე, შემდეგ მოასხით ზეითუნის ზეთი და ჩაშუშეთ ნიორი 30 წამის განმავლობაში. დაამატეთ დაჭრილი ხახვი და ჩაშუშეთ 3-4 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ ღვინო და თავმოხდილი გქონდეთ ტაფა, სანამ ღვინო თითქმის ბოლომდე არ დაშრება. დაამატეთ მსხვილად დაჭრილი ისპანახი და კარგად მოურიეთ. როდესაც ისპანახი კარგად დარბილდება, ცეცხლს ჩაუწიეთ და დაახლოებით 8-10 წუთის განმავლობაში განაგრძეთ ჩაშუშვა. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. გადმოდგით ცეცხლიდან.

როდესაც ისპანახი გაგრილდება, გადაიტანეთ მასა ბლენდერში და დააბლენდერეთ, სანამ არ მიიღებთ ფაფუკი პიურეს მასას. დაამატეთ რიკოტას ყველი ან ხაჭო (შეგიძლიათ თავად მოამზადოთ - იხილეთ რიკოტას რეცეპტი), ასევე დაამატეთ გახეხილი პარმეზანის ყველი, გახეხილი მოცარელა ან სულგუნი და კოვზით კარგად მოურიეთ.

წინასწარ შეგიძლიათ მოამზადოთ პამიდორის სოუსიც. გაახურეთ ტაფა საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე, შემდეგ მოასხით ზეითუნის ზეთი -2 -3 ს.კ. და ჩაშუშეთ ხახვი და ნიორი. დაამატეთ თეთრი მშრალი ღვინო და თავმოხდილი გქონდეთ, სანამ ღვინის მასის 1/3 არ დაგრჩებათ ტაფაზე. დაამატეთ ქილის პამიდორი, მოაყარეთ შაქარი, ბაზილიკი, ორეგანო, მარილი და პილპილი გემოვნებით. კარგად მოურიეთ და ცეცხლს ჩაუწიეთ. ცეცხლზე გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში.

ამასობაში, ჩვენი ცომიც გამზადდა მაცივარში. გამოღეთ და 2 ან 3 ნაწილად გაყავით. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ რაც შეიძლება თხლად, თითქმის ლანდი უნდა გასდიოდეს. შემდეგ გამოჭერით მრგვალი ფორმით (ან ორცხობილის საჭრელი ფორმით ან ჭიქით). რეცეპტში გამოყენებულია 6 სმ დიამეტრის ჭიქა). შემდეგ გამოჭრილი ფორმები შეგიძლიათ კიდევ ოდნავ გააბრტყელოთ, თუ ცომი ამის საშუალებას გაძლევთ.

გათქვიფეთ კვერცხის გული და დაამატეთ 1.5 ს.კ. წყალი.

სამზარეულოს ფუნჯით ( ან თითრებით) გამოჭრილ ფორმის ნახევარს წაუსვით კვერცხი (ე.ი. ნახევარ წრე უნდა დაიფაროს კვერცხის მასით). მრგვალი ფორმის ცენტრში მოათავსეთ ისპანახის მასა, დაახლოებით 1/2 ჩ.კ., ან ცოტა მეტი. ფრთხილად გადაკეცეთ ცომი ისე, რომ არ გააბრტყელოთ ისპანახის მასა, ხოლო მშრალი ნახევარწრის კიდეები დააფარეთ კვერცხიან ნახევარიწრის კიდეებს. შემდეგ კარგად დააწებეთ კიდეები. მიიღებთ ნახევარ წრეს. მიღებული ფორმის კუთხეები ერთმანეთთან შეაერთეთ ისე, როგორც ეს სურათზეა მოცემული.

მოცემული რეცეპტით გამოგივათ დაახლოებით 60- 70 ცალი ტორტელინი. ტორტელინი შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ და შემდეგ გაყინოთ საყინულეში. ამისათვის, მოათავსეთ ცელოფანში, პარკიდან მაქსიმალურად გამოუშვით ჰაერი, მჭიდროდ მოკარით თავი და შემდეგ შეინახეთ საყინულეში 5-7 დღის განმავლობაში. შეეცადეთ, რომ ერთმანეთზე არ დააწყოთ ტორტელინი, ან დარწმუნდით, რომ ტორტელინი გარედან მთლიანად მშრალია, სხვა შემთხვევაში ერთმანეთს მიეკრობა და ხარშვის დროს შეიძლება გასკდეს კიდეც. შენახვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური პარკები, რომელიც ადვილად იკვრება და შედარებით უფრო მყარიცაა.

აადუღეთ წყალი, დაამატეთ მარილი და ჩაყარეთ გაყინული ტორტელინი. კარგად მოურიეთ კოვზით, რომ არ მიიკრას ძირზე.  (ამასობაში გაახურეთ ღუმელიც, 210 C - მდე. ) ტორტელინი გააჩერეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 9-12 წუთი. შემდეგ ამოიღეთ და მოათავსეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში. ზემოდან მოასხით პამიდორის სოუსი. თუ მოგრჩათ ისპანახის მასა, ალაგ ალაგ შეგიძლიათ ჩაამატოთ. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი სულგუნის და პარმეზანის ნარევი და შედგით ღუმელში 10-15 წუთით. როდესაც ყველი დაბრაწვას დაიწყებს, კერძი მზად არის.



გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli

სახლში მომზადებული ტორტელინი ისპანახით და პამიდორის სოუსით