ღუმელში შემწვარი ბატკნის ნეკნები
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

რადგან ერთ-ერთი რეცეპტისთვის მომზადებული ზა’ატარი მომრჩა (იხილეთ: ღუმელში გამომცხვარი ბადრიჯანი კეფირით) და რადგანაც მაცივარში ბატკნის ნეკნებიც მქონდა, გადავწყვიტე ისევ არაბული სამზარეულოს სურნელი დამეტრიალებინა სახლში.

ჯერ საჭიროა მოვამზადოთ ბატკნის ნეკნების მარინადი. ხორცის ნაჭრები ჩააწყვეთ ჯამში, მოაყარეთ მსხვილად დაფქული პილპილი და მარილი, ასევე მოაყარეთ ზა’ატარი, მოასხით 2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ, რომ ყველა ინგრედიენტი თანაბრად გადანაწილდეს ხორცზე. ჯამს ზემოდან გადააკარით ცელოფანი ან ფოლგა და შედგით მაცივარში მინიმუმ 8 საათით (თუ მოზრდილი ცხვრის ნეკნებს გამოიყენებთ, დრო კიდევ გაზარდეთ 12 საათამდე).

ზა’ატარი, როგორც ერთ-ერთმა მკითხველმა მითხრა, არაბულად ქონდარს ნიშნავს. ასევე ქვია სანელებელსაც,  რომელიც ქონდარის გარდა კიდევ რამდენიმე სუნელისგან შედგება. თანაბარი რაოდენობით (მაგ. 1 ჩ.კ.) აურიეთ შემდეგი სუნელები: ბაზილიკი, ტიმიანი, ქონდარი, მაიორანი, ორეგანო, დაფქული cumin (ეს არ გახლავთ ძირა, იგივე ოჯახის მცენარეა, მაგრამ სხვა გემო აქვს, გამოუვალ მდგომარეობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ძირა ან კვლიავი), მოხალული სეზამის მარცხვლები - თითოეულ სუნელის სახეობას ვამატებთ 1-1 ჩ.კ.-ს. კარგად მოურიეთ და ზა’ატარი მზად არის. შეგიძლიათ შეინახოთ ნარევი და სხვა კერძებისთვისაც გამოიყენოთ. ჩამოთვლილი სუნელები იყიდება მსხვილ სუპერმარკეტებსა და ბაზრობებზეც.

როდესაც მარინადი მზად იქნება, გაახურეთ ღუმელი 205 C-მდე. ცეცხლგამძლე ჭურჭელში მოასხით 2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი. დამარინადებულ ხორცს კარგად ამოურიეთ, რომ ჯამში დალექილი ინგრედიენტები ისევ თანაბრად გადანაწილდეს ხორცის ნაჭრებზე. დააწყვეთ ნეკნები ცეცხლგამძლე ჭურჭელში და შედგით ღუმელში 45-60 წუთის განმავლობაში (ხანგრძლივობა დამოკიდებულია ხორცზე).

ამასობაში მოვამზადოთ გარნირი. მოგეხსენებათ არაბულ სამზარეულოში ძალიან უყვართ კუსკუსი (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ რეცეპტი:  კუსკუსი ქათმით და ბოსტნეულით). თუმცა, რადგან კუსკუსი ვერ ვიშოვე, გამოვიყენე შვრიის ბურღული, რომელსაც ხშირად სალათებისთვისაც იყენებენ. მოხარშეთ კუსკუსი ან შვრიის ბურღული კოლოფზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით (საშუალოდ 5-8 წუთის განმავლობაში, მარილიან წყალში). ცალკე, გახურებულ ტაფაზე მოასხით ზეითუნის ზეთი და ჩაშუშეთ დაჭრილი ბოსტნეული 3-5 წუთის განმავლობაში, საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე. ბოსტნეულის სახეობები შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი სურვილის მიხედვით. დაამატეთ მოხარშული ლობიო (ძალიან უხდება წითელი ლობიო). მოაყარეთ დაფქული ქინძის თესლი, უცხო სუნელი და ცოტა ზა’ატარიც, დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

თუ კუს-კუსს მიირთმევთ, ტრადიციულად, დიდ თეფშზე ჯერ უნდა ამოიღოთ კუსკუსი და ზემოდან მოაწყოთ ხორცი და ბოსტნეული. შვრიის შემთხვევაში, თამამად შეგიძლიათ აურიოთ ჩაშუშულ ბოსტნეულს, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ამოიღეთ თქვენთვის სასურველ ჭურჭელზე და ზემოდან დააწყვეთ ხორცის ნაჭრები.

ეს კერძი გულგრილს არ დატოვებს არც იმათ, ვისაც ცხვრის/ბატკნის ხორცი არ უყვარს განსხვავებული სუნის გამო, რადგან კერძი საოცრად არომატული და გემრიელია.



გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli

ღუმელში შემწვარი ბატკნის ნეკნები