ჟოლოს ტირამისუ
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ტირამისუ იტალიური დესერტია, რომელსაც ცხობა არ ჭირდება - ნამცხვრის მომზადება მაცივარში სრულდება. ტრადიციული რეცეპტის მიხედვით საჭიროა მასკარპონეს ყველი, გათქვეფილი ნაღები, ძლიერი ყავა, ალკოჰოლი და ორცხობილა “ქალის თითები.”

ჩვენს რეცეპტების განყოფილებაში უკვე დევს ტირამისუს ერთ-ერთი ვარიანტის რეცეპტი, დღეს კი ოდნვ განსხვავებულს შემოგთავაზებთ.

რადგანაც 2 ადამიანისთვის ვამზადებდი, გადავწყვიტე ინდივიდულურად მომემზადებინა ჭიქებში. თუ პროპორციებს გაზრდით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ოთხკუთხედი ჭურჭელი და იქ ჩააწყოთ ინგრედიენტები.

გააკეთეთ 1/2 ჭიქა ძლიერი ყავა (2 ჩ.კ. ხსნადი ყავა და 1/2 ჭიქა ადუღებული ცხელი წყალი) - კარგად მოურიეთ. დაამატეთ ალკოჰოლი (რაც სახლში მოგეპოვებათ, თუმცა არ დაამატოთ არაყი ან ღვინო, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრენდი, რომი, კონიაკი ან თუნდაც ვისკი). ისევ კარგად მოურიეთ და გააგრილეთ.

მასკარპონე იტალიური ყველის სახეობაა, რომელსაც სხვადასხვა კერძსა და დესერტში იყენებენ, თუმცა ჩვენთან ალბათ ყველაზე პოპულარული ტირამისუს გამო გახდა. მასკარპონე სახლშიც შეგიძლიათ მოამზადოთ (იხილეთ რეცეპტი), ან შეგიძლიათ მსხვილ სუპერმარკეტებში შეიძინოთ.

მასკარპონეს აურიეთ შაქრის პუდრა და კარგად მოურიეთ კოვზით. თავდაპირველად, შესაძლოა მასა სქელი მოგეჩვენოთ, მაგრამ როდესაც შაქრის პუდრა შეერევა და კარგად მოურევთ, მასა თანდათან გათხელდება. დაამატეთ ცოტა ვანილიც და კარგად მოურიეთ (არ არის სავალდებულო). თუ ნაყიდი გაქვთ მასკარპონე და მასა საკმარისად არ გათხელდა მორევის შემდეგ, მაშინ ცალკე გათქვიფეთ ნაღები (23%-იანი ან მეტი), თუმცა გათქვეფა ზედმეტი არ მოგივიდეთ, თორემ ნაღები აიჭრება.. შემდეგ გათქვეფილი ნაღები შეურიეთ მასკარპონეს და შაქრის პუდრის კრემს.

თუ თქვენც პატარა ჭურჭელში გააკეთებთ, ორცხობილა შუაზე გადატეხეთ, თუ დიდ ჭურჭელში, მთლიანად გამოიყენეთ. გატეხილი ორცხობილა უცებ და კარგად ამოავლეთ ყავაში და ცააწყვეთ ჭიქაში. ფრთხილად იყავით, დიდხანს არ გააჩეროთ ყავაში, თორემ ორცხობილა ადვილად ლბება). ჭიქაში ჩაწყობილ ორცხობილას დამატებით მოასხით 1 ჩ.კ. ყავა ზემოდან. შემდეგ სქლად წაუსვით მასკარპონეს კრემი. ზემოდან მოაწყვეთ ჟოლო. რადგან ტირამისუ საკმაოდ ტკბილი დესერტია, ალკოჰოლი სიტკბოს ოდნავ ანეიტრალებს, ჟოლო კი განსაკუთრებულ გემოს ძენს მთლიან დესერტს. შემდეგ ისევ თავიდან გაიმეორეთ ყველა ფენა - ე.ი. გადატეხეთ ისევ ორცხობილა, ამოავლეთ ყავაში, მასკარპონეს და ჟოლოს ფენას ზემოდან დაადეთ დანამული ორცხობილა, ზემოდან ისევ მოსახით 1 ჩ.კ. ყავა, წაუსვით მასკარპონეს კრემი. თუ ეს ბოლო ფენაა, მაშინ ჟოლო აღარ დაამატოთ და ზემოდან მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი ან გახეხილი შოკოლადი.

დესერტი შედგით მაცივარში და გააჩერეთ მინიმუმ 3 საათით. თუ უფრო დიდი ჭურჭლით შედგავთ მაცივარში, გირჩევთ მთელი ღამით გააჩეროთ, რადგან გემო უფრო კარგად გაუჯდება.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli